ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს
ხელისუფლება უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. “პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ არ აპირებს უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. თავის მხრივ, ჟოზე მანუელ ბაროზომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მოვლენების განვითარების, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ადამიანების გაუჩინარების გამო”, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლივია ბაიმ. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზნით დეპუტატთა ხელმოწერები გროვდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივანმა ანდრეი კლუევმა უარყო.