გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა

გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში, კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწყო. გახსნაზე მოთხილამურეთა საჩვენებელი სრიალი გაიმართა.
ამ ეტაპზე კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც, საერთო ჯამში, 250-ნომრიან სასტუმრო ქსელს შექმნიან, სადაც განთავსებული იქნება საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ბარი და რესტორნები.
კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება. გოდერძის სათხილამურო კურორტზე სეზონის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები