ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის, ბინების განაწილების პროცედურა გაიმართა – 852 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლდება

ქუთაისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს, შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში კი, 132 იძულებით გადაადგილებული ოჯახი განსახლდება.

კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ესწრებოდნენ.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიიღო. ბინების განაწილების პროცესი, ყველა ეტაპზე, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები