მაია ბითაძე „მეგობარ აქტზე“: ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული
„გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის.
„განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპარლამენტში იმ პოლიტიკოსთა რაოდენობა იმატებს, რომლებიც კარგად ხედავენ, რა უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო. გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა. ეს სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული. საბედნიეროდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის დასრულდა პროცესი, რაზედაც პიარკამპანია ჰქონდათ აგებული მავნებლებს, რომლებიც რადიკალებიდან ფაშისტებად მოგვევლინენ. რაც მოხდა, კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.