ირაკლი კობახიძე – ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი

კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ეს ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღისით მზისით, უნივერსიტეტის ეზოში მოხდა საზარელი მკვლელობა, რაც დაგმეს უმაღლეს დონეზე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა.

„ეს არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი. აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ეს ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული ტენდენციები, ამის გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქცია, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ. აბსოლუტურად სახე დაკარგული ადამიანები, ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს არ ჰგავს. ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები, უცხოური დაფინანსებით კონკრეტული იდეოლოგიით. ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა.

გავრცელდა მედიაში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოეხმაურნენ „ნაცი” აქტივისტები, მათ შორის ე.წ. პოლიტიკოსები თუ როგორც არის, ამ მკვლელობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ აშშ-ში. მათ შორის იყო გვარამიას პარტიის ერთ-ერთი „თვალსაჩინო” წევრი, მე მგონი, ათეულში იყო დასახელებული ფარჯიანი, რომელიც ასევე კაცს არ ჰგავს რომ შეხედავ. გარეგნობაზე კი არ მაქვს საუბარი, საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა სულიერ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც შემდეგ მათ გარეგნობაშიც გამოიხატება და გარეგნობაზეც აისახება. კაცი პირდაპირ, არც მეტი არც ნაკლები, სიცილით შეხვდა ამერიკელი აქტივისტის მკვლელობას, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აქედან ჩანს ერთი მარტივი რამ, „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი. ფარჯიანი, ნათია ჭკუასელი და ა.შ. რამდენიმე გვარი იყო გაჟღერებული, რომელიც სიცილით და დაცინვით შეხვდა ამ მკვლელობას, მათ შორის იქ იყვნენ კომენტარების ავტორები, ის ადამიანები 150-დან ერთი ორი ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ სახედაკარგული ადამიანების აქციაში მონაწილეობდა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი. „ნაცში” ვგულისხმობ ყველა უცხოელ აგენტს, ყველა გარედან დაფინანსებულ აქტივისტს, ყველა „ტიტუშკას”, რომელიც იყო ჩვენს შტაბთან მისული, ესენი არიან „ნაცები”, „ნაცი” არის მკვლელი, „ნაცი” არის ბნელი.

ჩვენ ვატარებდით სოციოლოგიურ კვლევებს, ერთ საინტერესო რამეზე უნდა გავამახვილო ყურადღება, თავიდან გვიკვირდა ჩვენ, როგორ არ იციან კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ „ნაცები” იყვნენ მკვლელები, ჩადიოდნენ უამრავ მკვლელობას და ა.შ. ყველამ ყველაფერი იცის. სოციოლოგიურმა ჯგუფებმა, ე.წ. ფოკუს ჯგუფებმა დაადასტურა, რომ „ნაცებმა” იციან, რომ „ნაცები” არიან მკვლელები, მაგრამ მაინც უჭერენ მათ მხარს – რატომ? რადგან „ნაცი” თავისთავად არის მკვლელი და მკვლელიც იმიტომ არის, რომ არის ბნელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები