მაია ბითაძე – თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი უცხო სახელმწიფოში ცდილობდნენ, საქართველოსთვის ძირი გამოეთხარათ

„ჰელსინკის კომისიაში ვიხილეთ თავყრილობა სამშობლოს მოღალატეებისა, თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი უცხო სახელმწიფოში ცდილობდნენ, საქართველოსთვის ძირი გამოეთხარათ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

„გარდა იმისა, რონ ჰელსინკის კომისიაზე მოსმენა დრომოჭმული პოლიტიკური პროცესია, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ ნეგატივს თესავს, ჩვენ თავყრილობა ვიხილეთ სამშობლოს მოღალატეებისა და იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ. საქართველოს მოსახლეობა კარგად იცნობს ჯო უილსონის თამადობით, იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლებია, დაკავებული არიან საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები წარმოდგენილი იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის ძირი გამოეთხარათ. მთავარი აქცენტი, რაზედაც საუბარი იყო, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობებია. სრულიად პარადოქსულია, როდესაც საქართველოს ვაი მოქალაქეები და ამერიკელი საქართველოს ანტილობისტები ქვეყანას კიცხავენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, სწორედ ჩინეთთან გააძლიეროს კავშირები. გარდა იმისა, რომ ეს არასამართლიანია საქართველოს მიმართ, ჰელსინკის კომისიაზე განხილული საკითხი ჩინეთთან მიმართებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები