კახა კალაძე: დაკავებულს პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას
„არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულზე საუბრისას აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მსგავსი ქმედებები სცდება კანონის ფარგლებს.
„თქვენ რა იცით ხუთ წელს მიუსჯიან თუ რამდენს? მოსამართლე ხართ? არსებობს კანონები, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებები ჰქონდეს. მე რომ მოვიდე თქვენს სახლში და დაგიზიანოთ რაიმე, მოგეწონებათ?
მე დავინახე, რომ სხვა ადამიანებიც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისმა უწყებამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა. კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ აღნიშნულ შენობაზე საარჩევნო ბანერი კანონიერად არ იყო განთავსებული, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბანერის გაკვრაზე მეპატრონის ნებართვა არსებობს.
„ტყუილია, რომ თითქოს ჩვენი ბანერი კანონიერად არაა განთავსებული. თქვენ ირაკლი აბესაძეს თუ დაუჯერებთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და დიდი გამოცდილება მაქვს. თქვენ თუ გინდათ, აბესაძეს დაუჯერეთ. ისტორიულ ზონაში არსებულ შენობაზე ბანერის განთავსებას მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მფლობელის ნებართვა, რაც გვაქვს, რადგან აღნიშნული ფართი საარჩევნო შტაბისთვის ვიქირავეთ. შესაბამისად, ბანერის გაკვრაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.