ბულგარეთის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა გააუქმა
უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ბულგარეთის პრეზიდენტმა, როსენ პლევნელიევმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. “პრეზიდენტი პლევნელიევი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა არ არის”, – აღნიშნულია ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როსენ პლევნელიევი უკრაინის ხელისუფლებას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბულგარეთი უკრაინის ევროპულ განვითარებას ყოველთვის მხარს უჭერდა. ბულგარეთის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი მაისში იყო დაგეგმილი.