კონსტანტინე გამსახურდია: ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ

“მივიღეთ პრაქტიკულად ორპარტიული პარლამენტი, რაც პოლიტიკურ პროცესს ერთი და იგივე ადამიანების ძალაუფლების შესანარჩუნებელ ბრძოლად აქცევს”, – ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის აბაშა-მარტვილის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე გამსახურდია საპარლამენტო არჩევნების ამ დროისთვის არსებულ შედეგებს.
​გამსახურდია საარჩევნო სისტემის არსებულ მოდელს აკრიტიკებს და შესაბამისი შინაარსის პოსტს აქვეყნებს. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებისა, მის სასარგებლოდ აბაშა-მარტვილში 2000-მდე ხმა დაფიქსირდა.
„მივიღეთ პრაქტიკულად ორპარტიული პარლამენტი, რაც პოლიტიკურ პროცესს ერთი და იგივე ადამიანების ძალაუფლების შესანარჩუნებელ ბრძოლად აქცევს და ძალთა ბალანსისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, კიდევ ორი მცირე ფრაქცია მიემატება მათ თუ არა. ის, რომ საარჩევნო სისტემა უსამართლოა, ჯერ კიდევ ორწელიწადნახევრის წინ განვაცხადე და ჩავერთე ინტერპარტიული ფორმატის მუშაობაში. გამოვყავით რიგი საკითხები, რომელთა შეცვლაც უფრო სამართლიან სისტემას მოგვცემდა, მაგრამ ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი არ დათმო. საარჩევნო კამპანიამ და არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ მართლები ვიყავით.
როგორც იტყვიან, ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ. თანამედროვე დემოკრატიულ სისტემაში ხმის წონას არ ითვლიან, არამედ მხოლოდ რაოდენობას. (“წონის” კრიტერიუმი ძნელი მოსაძებნია ალბათ და იმიტომ). დანამდვილებით ვერც იმას გეტყვით, რამდენი ხმა ავიღე, რამდენადაც გონივრული ეჭვი არსებობს მანიპულაციებზე. და მაინც ის 2000-მდე ხმა, რაც აბაშა-მარტვილში დაფიქსირდა ჩემს სასარგებლოდ, მიმაჩნია ჩემი და ამ ადამიანების გამარჯვებად. და ეს ხმები მოვიდა მიუხედავად: 1. ორივე დაწინაურებული პარტიის მხრიდან გადახდილი ან დაპირებული თანხისა (50-150 ლარამდე) 2. დარიგებული შეშის ან ხის მასალისა 3. დარიგებული კვების პროდუქტებისა 4. გზების მოხრეშვისა არჩევნების ბოლო კვირაში. 5. უამრავი ადამიანისთვის ტვინის ინდივიდუალურად გამორეცხვისა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან და სპეცსამსახურებიდან საამისოდ გამოშვებული ემისრების მიერ. და ისინი მუშაობდნენ ორივე დაწინაურებული პარტიისთვის. 6. საარჩევნო კამპანიისას პარტიული ტელევიზიების მხრიდან ბოიკოტისა (“იმედი” და “რუსთავი 2”) ხშირად ამბობენ, რომ ყველა ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას (და ოპოზიციასაც), რომელიც ჰყავს. ეს პოსტულატი პრინციპში სწორია, მაგრამ ვერდიქტი მაინც პროკურორულია. ამაზე უფრო მართებული მაინც ადვოკატური მიდგომა მგონია – ყველა ერი იმსახურებს იყოს მართული თავისი საუკეთესო, მორალური და მენტალური ხარისხობრიობით გამორჩეული წარმომადგენლების მიერ, მაშინაც, თუკი ეს გაცნობიერებული არა აქვს. სხვა საქმეა, რომ ამის საშუალებას არ მისცემენ – ის მოსაპოვებელია“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები