ზვიად კვაჭანტირაძე: მარნეულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაცია მოაწყო

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ შეეცადა სიტუაციის დესტაბილიზაციას და მარნეულში პროვოკაცია მოაწყო “, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გუშინ, მარნეულში, საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებულ მოვლენებს.
ზვიად კვაჭანტირაძეს მიაჩნია, რომ მარნეულში მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატად შევრაცხოთ.
„გუშინ ჩატარდა უპრეცენდენტოდ სამართლიანი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მისი მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული პარტიის მაჩვენებლებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაწესებული 50%-იანი ბარიერი პირველივე ტურში გადაილახა 20 მაჟორიტარულ ოლქში, ცხადია, მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიერ. დარჩენილ ოლქებშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატები უპირობო ლიდერები არიან და მათი უმრავლესობა ძალიან ახლოს იყო 50%-ანი ბარიერის გადალახვასთან, პირველივე ტურში გამარჯვებასთან.
​მიუხედავად იმ უპრეცენდენტოდ სამართლიანი და დემოკრატიული გარემოსი, რომელიც ხელისუფლებამ უზრუნველყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ შეეცადა სიტუაციის დესტაბილიზაციას და მარნეულში მოაწყო იმ ტიპის პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატად შევრაცხოთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თითიდან გამოწოვილი ტექნიკური საბაბით, შეკრიბა წინასწარ მომზადებული მხარდამჭერები მარნეულის იმ უბანზე, სადაც იცოდნენ, რომ მათ კანდიდატს ცუდი შედეგები უფიქსირდებოდა. მათ სცადეს საარჩევნო უბნის დარბევა და საარჩევნო ყუთის დაზიანება. „ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები და მათი კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, ქვები დაეშინათ ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით მობილიზებული პოლიციელებისთვის. შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიციის სამმართველოს უფროსი. თუმცა პოლიციისა და სპეც.რაზმის მიერ მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება და ეს თავდასხმა არ გადაიზარდა მასშტაბურ კონფლიქტში, რაც დაგეგმილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
​აღსანიშნავია ძალოვანი უწყებების ეფექტური მუშაობა, რომლებმაც ყოველგვარი დარბევისა და ძალის გამოყენების გარეშე, შეძლეს და არ დაუშვეს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.
მარნეულში მომხდარი ინციდენტი ჩვენ მიერ ფასდება, როგორც პროვოკაცია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არჩევნების პროცესის ძალადობრივი გზით ჩაშლის მცდელობა. ამ პროვოკაციის მონაწილეები აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. გარკვეული მცირე ინციდენტები მოხდა სხვა 4-5 უბანზეც საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ ინციდენტებს არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი და ყველა დარღვევაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენ აუცილებლად სწრაფი ნაბიჯებით წავიყვანთ ქვეყანას განვითარებისკენ, შევქმნით ყველა პირობას თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისთვის და არ დავტოვებთ ადგილს იმ პროვოკაციული პოლიტიკისთვის, რომლის ავტორებიც გუშინ მარნეულიდან ცდილობდნენ მთელი ქვეყნის არევას“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები