საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა – ვაჟა ბერიძე

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაზომვა, ობიექტური და ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევის კომპანიების მიერ არ ხდება.
“ასეთები საქართველოში არ არიან. ამდენად, ჩვენ არ ვიცით წინასაარჩევნოდ რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს. მას შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ NDI–ს და IRI–ს კვლევებს უარი უთხრა “ყველა თავისას მიერეკება”, ანუ ვიღაცის მიერ მისი დაკვეთით გაყალბებულ მონაცემებს აქვეყნებს, რათა 8 ოქტომბერს ღამით მოვლენების ქუჩაში გადატანა გაამართლოს.
რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი თავის უპირობო გამარჯვებაზე საუბრობს: “ქართული ოცნება”, “ნაციონალები”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია”, ბურჭულაძის პარტია. ამიტომ თითოეული მათგანი არჩევნების წაგების შემთხვევაში, 8 ოქტომბრის ღამეს მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანას აპირებს, რასაც უეჭველად მოჰყვება სახიფათო ექსცესები და არაპროგნოზირებადი სიტუაცია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის და საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტი დაბალია. ამიტომ ფალსიფიცირებული ეგზიტპოლების დესტრუქციული როლი გარანტირებულია. პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა არ აპირებს არჩევნების ოფიციალური შედეგების აღიარებას.
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები არ რეაგირებს მის მიერ მართული სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებზე (თუნდაც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ფაქტობრივ მონაწილეობაზე) ამდენად, მშვიდად უყურებს საქართველოში მოსალოდნელ მომავალ დესტაბილიზაციას.
არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია ბევრ ძალას აძლევს ხელს: იმ პარტიებს, რომელთაც გამარჯვების შანსი არ აქვთ (გამოქვეყნებული, სავარაუდოდ ნაწილობრივ ფალსიფიცირებული სხვა კვლევების თანახმადაც კი) რუსეთს, რადგან პრორუსული ძალების წარმატების არანაირი შანსი ისევ არ არსებობს.
მოსახლეობის უღატაკეს ფენას – ადამიანებს, რომლებსაც ცალკეული პარტიებისა და კლანების მიერ კონტროლირებადმა მედიამ ჩაუნერგა, რომ მშვიდობიანი განვითარების პირობებში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. არადა, ასეთი მედია საინფორმაციო სივრცეში დომინირებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში პერმანენტული დაპირისპირების არენად აქცევს ამ ქვეყანას, რადგან ელიტების და ხალხის უმრავლესობისთვის “ნაცების” დაბრუნება ხელისუფლებაში კატეგორიულად მიუღებელია. ნუთუ აშშ-ს და ევროკავშირს ეს არ ესმით. იქნებ ესმით კიდეც. რუსეთს, ვფიქრობ, კარგად ესმის და მოვლენათა ასეთი განვითარება მისთვის ამ შემთხვევაში სასურველია.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ოპერატიულად ვერ რეაგირებს პოლიტიკურ გამოწვევებზე, მაგალითად, მათ არ ჰყავთ პოლიტიკური ლიდერი – (კვირიკაშვილი ამ ფუნქციას თითქოსდა განზრახ, არ ასრულებს, ივანიშვილი კი, ბუნებრივია, ამ ძალის პოლიტიკური ლიდერი არ არის. ამ პარტიის უდავო ლიდერობისთვის მაგალითად, შეუფერებელია, რომ ოპოზიციური პარტიების ხალხმრავალ თავყრილობებს – “ნაციონალების”, “პატრიოტთა ალიანსის” – ისინი არ პასუხობენ აქციებით, რაც მცდარია. პოლიტიკური ლიდერი რომ ჰყავდეს “ოცნება” ექვსში ან შვიდში უფრო ხალხმრავალი აქციით უპასუხებდა. დღევანდელი სიტუაცია “ოცნების” მხარდამჭერებს თრგუნავს და არჩევნების ოფიციალური შედეგების გაპროტესტებას გარდაუვალს ხდის.
საარჩევნო ადმინისტრაციის დაბალი ავტორიტეტის პირობებში, არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას სასამართლომ და შემდეგ დიპლომატიურმა კორპუსმა, დამკვირვებლებმა და ასე შემდეგ. ამ ჯაჭვში სასამართლოს როლი გადამწყვეტია. სასამართლო სისტემა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ პროკურატურის მიერ დაწერილი უკანონო განაჩენების ნოტარიუსად აქცია, ოცნების ხელისუფლებამ ვერ შეძლო სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის რეანიმირება, ხოლო ოპოზიციამ დიდი შრომა გასწია და საკმაო წარმატებითაც, სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ამდენად, სასამართლო აქ თავის წონად სიტყვას – არჩევნებთან მიმართებაში, ვერ იტყვის.
ეს ყოველივე ნაყოფიერი ნიადაგია დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების, უფრო მეტიც, მოვლენათა სირიის სცენარით განვითარებისთვის საქართველოში. ეს კი ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას და ამ მიზნით ცალსახა არჩევანი უნდა გააკეთოს 8 ოქტომბერს – მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში ომის და დაპირისპირების გზაზე შემდგარი, ბრბოდ ქცეული მასის შეჩერება შეუძლებელი იქნება”,-წერს ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები