“ყველაფრიდან ჩანს, რომ „ნაცებს“ პათოლოგიური მიდრეკილება აქვთ ფარული ჩანაწერებისა და თვალთვალისკენ”

ყველაფრიდან ჩანს, რომ „ნაცებს“ პათოლოგიური მიდრეკილება აქვთ ფარული ჩანაწერებისა და თვალთვალისკენ, – აღნიშნულით პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ინტერნეტში დღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი, მიხეილ სააკაშვილის თათბირებია ჩაწერილი.
„გამოქვეყნდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი თათბირების ჩანაწერები, რომელსაც სხვა ვერავინ ჩაიწერდა, თუ არა ისევ რომელიმე მისი მინისტრი. თანაც რა სათუთად შეუნახავს ამდენი ხნის განმავლობაში.
ყველაფრიდან ჩანს, რომ „ნაცებს“ პათოლოგიური მიდრეკილება აქვთ ფარული ჩანაწერებისა და თვალთვალისკენ. ერთნაირი გატაცებით იწერდნენ როგორც ოპონენტებს, ისე – ერთმანეთს. იწერდნენ ყველაფერს, რასაც მოახელთებდნენ, პრეზიდენტის თათბირებიდან დაწყებული, სხვების და ერთმანეთის პირადი ცხოვრებით დამთავრებული.
მათი გუნდის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საკონსტიტუციოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც ჩიოდნენ, ჩვენც ვყავართ ფარულად გადაღებულებიო.
ფარული ჩანაწერებისკენ ასეთი დაუოკებელი სწრაფვა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებიდან არ გამომდინარეობს, ისევე როგორც გამოკვეთილი მიდრეკილება ადამიანების სადისტურ-სექსუალური ფორმებით წამებისკენ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებთან, რომლებიც უკონტროლო ძალაუფლებამ და დაუსჯელობის განცდამ მთლიანად გარყვნა და საზოგადოებისთვის საშიშები გახადა“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
პირი, რომელმაც აუდიო ჩანაწერები გაავრცელა და აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის თანამშრომელია, ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თათბირები ფარულად ნიკა გვარამიამ ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები