გოგა ხაინდრავა: ყველაზე ამაზრზენი იყო პეტრე ცისკარიშვილის განცხადება კადაფის მაგალითის შესახებ

“ამ ჩანაწერში ყველაზე ამაზრზენი იყო პეტრე ცისკარიშვილის განცხადება კადაფის მაგალითის შესახებ”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შეფასებისას განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავა აცხადებს, არსებული გარემოებები სრულიად საკმარისია ყველაფერ იმისთვის, რომ საზოგადოებამ  ამ სექტასთან მიმართებაში ბოლო წერტილი დასვას.
”არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება იყოს კადაფის მხარდამჭერი, თუმცა მისი აღსასრული, რაც ვიხილეთ, იყო ამაზრზენი. ამ მენტალობის ადამიანები არიან ცისკარიშვილი, რურუა, ბარამიძე, ბოკერია და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პრეტენზიას აცხადებს მათი მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაზე. ეს აბსოლუტურად საკმარისია ყველაფერ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბოლო წერტილი დასვას ამ სექტასთან მიმართებაში. ეს არის სექტა და მისი ყველა მიმდევარი არიან სექტანტები. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება კარგად გაიაზრებს, რა არის მოსალოდნელი, თუ ამ ადამიანებს ასპარეზი მიეცემათ. ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა, მისი არსებობა, კეთილდღეობა არის ყველა ჩვენგანის ხელში”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხაინდრავა ვარაუდობს, რომ გუშინ გამოქვეყნებული ფარული მასალა ოდესაში გამართულ შეხვედრაზე თავად ”ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრმა ჩაწერა.
„მიკროფონი, ფაქტობრივად, ცხვირწინ უდევს სააკაშვილს. მაგალითად, ბობოხიძე არის „სკაიპით“ ჩართული და ეს ხმის მიხედვით ადვილად დგინდება. დარწმუნებული ვარ ამაში. მიკროფონი უდევს ცხვირწინ და ეტყობა ამას ერთ-ერთი თანაგუნდელი წერს. ყველაზე კარგად სააკაშვილის ხმა ისმის ამ ჩანაწერში”, – აღნიშნა ხაინდრავამ.
გუშინ, ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედის …. აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება მ…ან დედის …. კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტ…ში უნდა მ…ნ“, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი აუდიოჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები