აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალასკაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა დასძინა, რომ არავითარი ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე შეთანხმება არ შედგება.
„ცოტა ხანში ნატოში დავრეკავ. დავურეკავ იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით, შესაფერისები არიან და რა თქმა უნდა, დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელი შეხვედრის შესახებ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ტრამპმა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღევანდელი სამიტის შემდეგ.
„ჩვენ გვქონდა უკიდურესად პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ საკითხზე შევთანხმდით“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, „ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს“.
როგორც CNN-ი წერს, ტრამპის განცხადებით, უკრაინას „მოუწევს დაეთანხმოს“ იმას, რაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებმა პუტინთან დღეს განიხილეს, თუმცა მან შეთანხმების ფარგლების შესახებ არაფერი დააკონკრეტა.
განცხადებების შემდეგ, ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენციაზე კითხვებს არ უპასუხეს.