გია ლორთქიფანიძე: 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში

საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გია ლორთქიფანიძე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.
“ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერმე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს, მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინარე, მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას, ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე… 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში”, – ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს საქართველოს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები