ზურაბ ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძე მაშანტაჟებდა – ითხოვდა კონკრეტულ თანხას

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაფარიძემ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა იმ დეტალებზე, რის გამოც „გირჩმა“ გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯაფარიძის განცხადებით, ბურჭულაძე „გირჩისგან“ თანხას ითხოვდა.
„დღეს მოხდა კონკრეტული ფაქტი, რის გამოც „გირჩმა“ დატოვა ეს გაერთიანება. ხვალ იცით, რომ არის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია საპარლამენტო სიებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა 30-მდე ადამიანი და იმედია, ისინი დამემოწმებიან, რომ არცერთ სიტყვას არ მოვიტყუები, რომელსაც მე ახლა ვიტყვი.
პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ მას სურს „გირჩის“ წევრები სიიდან ამოიღოს. ჩემზე არ ყოფილა საუბარი, მან პირდაპირ მითხრა, რომ მე სიაში დავრჩები. ჩემთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი. შევეცადე, გამერკვია რა მოხდა და ადგილი ჰქონდა, კონკრეტულ რაღაცას. პაატა ბურჭულაძე მაშანტაჟებდა – თუ „გირჩი“ არ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები იქნებოდნენ ამოღებული პარტიული სიიდან, რაზეც მე ცხადია,  უარი განვაცხადე. უარი ვთქვი, მე დავრჩენილიყავი სიაში, ჩემი მიზანი ეს არასოდეს ყოფილა, რომ პარლამენტში ადგილი მქონოდა.
საქმე გვაქვს შანტაჟთან, ადამიანი ითხოვდა თანხას. მე არ მგონია, რომ ეს ფული ყოფილიყო ბლოკისთვის. მაღალი ალბათობით, ეს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. ამ ადამიანის შემოსავალი თვეში ბლოკიდან არის 60 ათას ლარზე მეტი.
ეს არის რეალური მიზეზები. რაზეც ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები