კონგრესმენი კიზინგერი წარმომადგენელთა პალატის წინაშე საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით წარდგა

ილინოისის შტატის კონგრესმენი ადამ კინზინგერი კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ მიღებული რეზოლუციის თაობაზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონგრესმენმა რეზოლუციას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული განვითარების კუთხით.მისი თქმით, საქართველოს განვითარება რეგიონისთვის მძლავრ მაგალითს წარმოადგენს. საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.
კონგრესმენის თქმით, რუსეთისგან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან რეგიონში მისი დემოკრატიული მოკავშირეების მხარდაჭერა. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან მტკიცე გზავნილების გაჟღერების მნიშვნელობას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ რუსეთს ფედერაციისთვის მოწოდებას, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები