დღეს 300 არაგველობა ჟინვალში აღინიშნება

დღეს, 27 სექტემბერს, 15 საათზე  (ძველი სტილით 14 სექტემბერს) წმინდანად შერაცხული 300 არაგველის დღე აღინიშნება ჟინვალში, 300 არაგველის მონუმენტთან.
1795 წლის  კრწანისის ბრძოლის 221 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 300 არაგველობა, ტრადიციისამებრ, გაიმართა 24 სექტემბერს (ძველი სტილით 11 სექტემბერს), 300 არაგველის მემორიალთან, ხოლო 27 სექტემბერს 300 არაგველობა აღინიშნება ჟინვალში, 300 არაგველის მონუმენტთან.
69_big27 სექტემბერს, კრწანისის მთავარი ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ, ჟინვალში ერეკლეს შესაპყრობად 4000 მადევარი ლაშქრის დამმარცხებელი სამასი მთიელის სულების უკვდავსაყოფი ღონისძიების ორგანიზატორია სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი.
„ჯერ საეკლესიო რიტუალი აღევლინება, შემდეგ სიმბოლურად 300 ფიალით წითელი ღვინით და 300 სანთელით შეკრებილები პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც კრწანისის ბრძოლის დროს დაიღუპა.
მორიგეობით ვირჩევთ ერთ გვარს, ვინც დასტური, ანუ მასპინძელია, რომელი გვარიც ინახავს ჭურჭელს, 300 ფიალას, მოაქვს 300 სანთელი და წითელი ღვინო. ყოველ წელს თითო გვარი არის დასტური, ანუ მასპინძელი.
შარშან წინ ბურდულები იყვნენ, შარშან პატაშურები, წელს ცილიკიშვილები არიან. მომავალ წელს ბექაურები ვიქნებით. საგვარეულოები კრებენ ფულს და ვქირაობთ ტრანსპორტს ჟინვალისათვის“, – განუცხადა „კვირას“ ადამ ბექაურმა.
1795 წლის 11 სექტემბერს გამართული კრწანისის ბრძოლაც ღალატითა და დამარცხებით დასრულდა. კრწანისის ველზე გმირულად დაიღუპნენ მამაცი არტილერისტები: გიორგი გურამიშვილი, გაბრიელ მაიორი, აღალუა, მსახიობი და მუტრიბი მაჩაბელა თავისი დასით, მთლიანად სამი ათასი გმირი ქართველი – საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მცხოვრები რჩეული ვაჟკაცი. მათ შორის 300 გაუტეხელი არაგველი. ისინი მთელი ომის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ; სხვებთან ერთად მათაც გამოსტაცეს შაჰს საბრძოლო ბაირაღები, ხოლო უკან დახევისას მკერდით აეფარნენ მეფეს. ბოლოს კი, როცა ერეკლე სამშვიდობოს დაიგულეს, ქალაქში გააგრძელეს ბრძოლა, თითომ ათისა და ოცის წინააღმდეგ. ასე თანდათან შეთხელდა მათი რიგები, თანდათან დაილივნენ. ასე ნელ-ნელა გათავდა 300 არაგველი. “ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე” (ი. გოგებაშვილი).

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები