რა ჩვენება მისცა დემურ სტურუას მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა – „შური იძია ჩემზე“

“შემიძლია ვივარაუდო, რომ მას ჰქონდა სხვა მიზეზი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა”, – აცხადებს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი – გოდერძი თევზაძე, რომლის ჩვენებას ექსკლუზიურად გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
სხვა საინტერესო დეტალებთან ერთად, ჩვენებაში თევზაძე თვითმკვლელობის მიზეზებზე საკუთარ ვარაუდსაც გამოთქვამს.
“სტურუამ წერილში თვითმკვლელობის რეალური მიზეზის დაწერა ვერ გაბედა და მოიგონა, თითქოს მე ვაიძულებდი მას, გამხდარიყო პოლიციის ინფორმატორი. შესაძლებელია, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ სწორედ მე დავაკავე იგი ქურდობისთვის და აღნიშნული საქციელით, ფაქტობრივად, შური იძია ჩემზე მისი დაკავებისთვის“, – აცხადებს თევზაძე.
როგორ აღწერს გარდაცვლილთან ბოლო შეხვედრას და რას ფიქრობს მისი თვითმკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, ამის შესახებ გოდერძი თევზაძემ დაკითხვისას დეტალურად ისაუბრა. „პრაიმტაიმი“ ბრალდებული პოლიციელის ჩვენებას აქვეყნებს.
„აწ გარდაცვლილ დემურ სტურუას ვიცნობ რამდენიმე წელია. იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ დაფნარში… დემურის გარდა, ოჯახში ცხოვრობენ დედა – ნონა ჯოჯუა, რომელიც პერიოდულად საზღვარგარეთ იმყოფება, ასევე ძმა – დათო სტურუა. მათი კიდევ ერთი ძმა – ნოდარ სტურუა ასევე დაფნარში ცხოვრობდა, თუმცა დაახლოებით ერთი თვეა დაოჯახდა და ამჟამად საცხოვრებლად წყალტუბოშია გადასული. სტურუების ოჯახთან მე საკმაოდ ხშირი შეხება მქონდა, რამდენჯერმე მათ ოჯახში გამოძახებაზეც ვარ ნამყოფი. გარდა ამისა, მე დავაკავე დემურ სტურუა ქურდობის ფაქტზე.
ასევე, ქურდობის ფაქტზე მყავს დანაკავები დათო სტურუაც (სტილი დაცულია. – მ.ნ.). მე შეხება მქონდა მათ დედასთან – ნონა ჯოჯუასთანაც, რომელსაც არაერთხელ უთხოვია ჩემთვის, რომ ყურადღება მიმექცია და გამეკონტროლებინა დემურ სტურუა, რომელიც ხშირად იმყოფებოდა ტოტალიზატორში, აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და არაერთხელ წაეგო სხვადასხვა თანხა… 2016 წლის 5 ან 6 აგვისტოს, უფრო კონკრეტული თარიღის მითითება არ შემიძლია, მე სამტრედიაში შემხვდა დემურ სტურუა. მას გადაკიდებული ჰქონდა დიდი ზომის ჩანთა. ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ ჩანთით მიჰქონდა თხილი ჩასაბარებლად. მითხრა ასევე, მოგვიანებით გნახავ, შენთან საქმე მაქვს, პრობლემა მაქვს რაღაცაზე და უნდა დაგელაპარაკოო. მითხრა ასევე, რომ რამდენიმე დღის მანძილზე სოფელ კულაშში იმყოფებოდა.
7 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 17 საათის შემდეგ, მე გამოვდიოდი სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობიდან… პოლიციის შენობიდან გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე კუთვნილი მობილური ტელეფონით დავუკავშირდი დემურ სტურუას, რომელმაც წინა დღეებში გამოთქვა ჩემთან დალაპარაკების სურვილი… დავურეკე დემურ სტურუას და დავინტერესდი, მოაგვარა თუ არა მან პრობლემა, რომელიც გაკვრით ახსენა ჩემთან საუბარში. იგი დაინტერესდა, თუ სად ვიყავი.
მე ვუთხარი, რომ სამსახურიდან გავდიოდი. დემურ სტურუამ მითხრა, რომ ის სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობასთან ახლოს იმყოფებოდა და ორიოდე წუთში მოვიდოდა, გამომდინარე აქედან, შევთანხმდით, რომ მე მას დაველოდებოდი. (ანძის კვლევების მონაცემებით, ეს საუბარი გრძელდებოდა 57 წამის განმავლობაში. – მ.ნ.). რამდენიმე წუთში პოლიციის შენობასთან მოვიდა დემურ სტურუა. მე ვაპირებდი სახლში გასვლას რამდენიმე წუთით, უნდა წავსულიყავი პოლიციის პიკაპით. დემურ სტურუა ჩამიჯდა მანქანაში და ჩვენ დავიძარით ე.წ. „ქუთაისის ხიდის“ მიმართულებით, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში მდებარეობს.
მგზავრობისას დემურ სტურუამ მითხრა, რომ ის ვეღარ ჩადიოდა სოფელ საჯავახოში, ვინაიდან მას საჯავახოს მკვიდრნი ტელეფონის ქურდობას აბრალებდნენ. მე უფრო დაწვრილებით შევეკითხე დემურს, თუ რას გულისხმობდა. მან მითხრა, რომ ედავებოდნენ მოკლე პერიოდით ადრე, ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის, გიორგი ხაბეიშვილის ტელეფონის ქურდობას.
მე დავინტერესდი, რეალურად ჰქონდა თუ არა მას მოპარული ეს ტელეფონი, მაგრამ მან კონკრეტული პასუხი არ გამცა, თუმცა, მისი ქცევიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მართლაც ჰქონოდა შეხება ტელეფონის ქურდობასთან. ამ საუბარში მივედით ხიდთან. შესაბამისად, სახლში წასასვლელად მე უნდა გადამეხვია, ხოლო დემური ამბობდა, რომ აპირებდა სოფელ დაფნარში წასვლას, ამისთვის კი იგი უნდა გადასულიყო ლიანდაგზე და გაყვებოდა ტრანსპორტს დაფნარისკენ.
შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მე მივედი სახლში, სადაც დავყავი 20 წუთი და ისევ სამსახურის მიმართულებით დავიძარი. გზაში დამხვდა დემურ სტურუა. აღმოჩნდა, რომ იგი დაფნარისკენ არ წასულა და მე მელოდებოდა. მე მას გავუჩერე მანქანა. დემურ სტურუა ჩაჯდა და გეზი ისევ სამტრედიის რაიონული სამმართველოსკენ ავიღე. გზაში დემურ სტურუამ გააგრძელა საუბარი ტელეფონის მოპარვის შესახებ და მითხრა, რომ მას მართლა ჰქონდა მოპარული გარდაცვლილი ბიჭის ტელეფონი და დალომბარდებული ჰქონდა ქუთაისში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში. მითხრა, რომ იმავე დღეს აპირებდა სოფელ საჯავახოში ჩასვლას, დეტალების გარკვევას და აღნიშნულის შემდეგ საღამოს საათებში შემეხმიანებოდა და შემხვდებოდა დაწვრილებით დასალაპარაკებლად. პოლიციის შენობასთან მე მას დავშორდი. ვიდრე დავშორდებოდი, დემურ სტურუამ მითხრა, შეიძლება ტელეფონი დამიჯდეს და თუ გამორთული იყოს საღამოს, შედარებით გვიან სახლში ვიქნები და გამომიარეო. მითხრა, ასევე, შეეცადე, არავინ დაგინახოს, გვიან მოდიო. მე დავეთანხმე და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით… (ანძების მონაცემების მიხედვით, სტურუასა და თევზაძის პოლიციის შენობასთან შეხვედრიდან ისევ ამ ადგილას დაბრუნებამდე სულ 34 წუთია გასული. იგივე მონაცემებით დასტურდება, რომ თევზაძე მართლაც 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. რაც შეეხება დარჩენილ თოთხმეტ წუთს, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მტკიცებით, მათ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რითაც დასტურდება, რომ პოლიციიდან თევზაძის სახლამდე გზის გავლას საშუალოდ სწორედ დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. შესაბამისად, სვამს კითხვას – რა პერიოდში მოხდა გზის გამრუდება იანეთისკენ, სადაც ცნობილი წერილის შინაარსის მიხედვით, თევზაძეს უნდა ეცემა სტურუა? – მ.ნ.).
ღამის საათებში მე და ჩემი თანამშრომელი დ.ქ. (საქმეში ახალი მოწმეების ვინაობას „პრაიმტაიმი“ ინიციალებით შემოგთავაზებთ. – მ.ნ.) ვიყავით შემოვლაზე სამსახურებრივი პიკაპით, რომელიც სათანადოდაა გაფორმებული, აწერია პოლიცია და აღჭურვილია ციმციმებით, რომელიც სახურავზეა დამონტაჟებული. დემურ სტურუას ტელეფონი გამორთული იყო. ვინაიდან მას ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ დამელოდებოდა სახლში, მივაკითხე სახლში. მანქანა შევაჩერე სტურუების მეზობლად მდებარე სახლის ჭიშკართან. სახლის მესაკუთრის ვინაობა არ ვიცი. თუმცა შემიძლია გიჩვენოთ, რომ ის ახალი გადმოსულია დაფნარში და არის ბათუმიდან. მე ვისარგებლე მოკლე გზით, რადგან ფეხით მივდიოდი. ეზოში იყო სიბნელე და ამიტომ გზას ვინათებდი ფანრით.
მე მივუახლოვდი სახლს და დავუძახე დემურ სტურუას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დავიძახე საკმაოდ ხმამაღლა, ხმა არავინ გამცა. მე მივედი სახლის კართან, დავაკაკუნე და კვლავ დავიძახე, მაგრამ პასუხი არ იყო. (მეზობელმა) მითხრა, დაახლოებით 15 დღეა არცერთი დამინახიაო. მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს მე მიწევდა დასვენება.
შემდეგ დღეებში ჩემს მეუღლეს უნდა გაეკეთებინა ოპერაცია თბილისში და გამომდინარე აქედან, მე მივმართე ჩემს ხელმძღვანელობას პატაკით და სამი დღით გავითავისუფლე თავი… მოგვიანებით მე დამიკავშირდნენ პოლიციიდან და მითხრეს, რომ სოფელ დაფნარიდან დაურეკავს ვინმე დათო ნადირაძეს და უთქვამს, რომ იყო თვითმკვლელობის შემთხვევა. აინტერესებდათ, ვინ იყო დათო ნადირაძე. მე მივასწავლე დათო ნადირაძის სახლი, თუმცა გაირკვა, რომ სხვა იყო შეტყობინების ავტორი. მალე კვლავ დამიკავშირდნენ თანამშრომლები და მითხრეს, რომ დემურ სტურუას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. დილას ძალიან ადრე მე დამიკავშირდა ნონა ჯოჯუა. მან მითხრა, რომ დემურ სტურუას ცხედარი სოფელ კულაშში დასვენებული ჰქონდა ამ უკანასკნელის ბიცოლას – დარიკო ჯაშს, რომელიც ცხედრის გამოტნევაზე ნონა ჯოჯუას უარს ეუბნებოდა.
მან მე დახმარება მთხოვა გადმოსვენების საკითხის მოგვარებაში. მე ვუთხარი, რომ ვიყავი თბილისში და მიემართა პოლიციისთვის და აღმოუჩენდნენ დახმარებას. ვუთხარი ასევე, რომ წინასწარ გავაფრთხილებდი სამტრედიის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას. ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ როცა დავბრუნდებოდი, მას დავკავშირებოდი, რადგან ჩემთან შეხვედრა უნდოდა.
როგორც ჩემთვის ცნობილია, ნონა ჯოჯუამ მიმართა შემდეგ პოლიციას, რომელთა დახმარებით დემურ სტურუას ცხედარი გადმოასვენეს სოფელ კულაშიდან სოფელ დაფნარში. ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დარიკო ჯაში გარკვეულ თანხას – 160 ლარს ითხოვდა, როგორც საყინულისა და სანთლების თანხას და მხოლოდ მითითებული თანხის გადახდის შემდეგ მისცა შესაძლებლობა დემურ სტურუას ოჯახის წევრებს გადაესვენებინათ აწ გარდაცვლილი სოფელ დაფნარში („პრაიმტაიმი“ ამ ეპიზოდის შესახებ გასულ ნომერში დარიკო ჯაშის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით წერდა, სადაც აღნიშნული თანხა ხელნაწერით იკითხებოდა, როგორც 62 ლარი. – მ.ნ.).
11 აგვისტოს დავბრუნდით სამტრედიაში. ვინაიდან ნონა ჯოჯუას ნათქვამი ჰქონდა, რომ უნდოდა ჩემთან შეხვედრა, მე იმავე დღეს ჩავედი სოფელ დაფნარში და იქაურ მაცხოვრებელს (ვინაობას არ ვასახელებთ. – მ.ნ.) ვთხოვე ასულიყო სტურუებთან სახლში და ეთქვა ნონასთვის, რომ დაფნარში ვიყავი და შეეძლო ჩემთან შეხვედრა.
მალევე ჩემთან შესახვედრად ჩამოვიდა ნონა ჯოჯუა, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა ქალბატონი, როგორც შემდეგ გაირკვა, დემურ სტურუას ნახევარდა – ნათია და ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის არც სახელი ვიცი, არც ის ვიცი, როგორი ნათესავი იყო იგი დემურ სტურუასთვის.
ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ დემურ სტურუას დატოვებული ჰქონდა წერილი, რომელშიც მე ვყავდი მოხსენიებული და იკითხა, რატომ ვყავდი მე ნახსენები წერილში. მე დავინტერესდი, თუ რა წერილზე იყო საუბარი და მისცეს თუ არა იგი პოლიციას, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას. ნონამ დატოვებული წერილის შინაარსი არ გამანდო. ასევე მითხრა, რომ იგი პოლიციისთვის მიცემული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ მეზობლებს დაუნახავთ, როგორ აუღია დემურ სტურუას წერილი, რომელიც მისთვის ვიღაცას ჰქონდა დატოვებული ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე და დაუნახავთ ისიც, რომ დემურის, სახლისკენ მიმავალს, აღმართშივე დაუწყია წერილის კითხვა. ნონა სტურუამ მითხრა ასევე, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ დემურს დაურეკავს მისი ძმისთვის, ნოდარ სტურუასთვის და უთქვამს რომ დაუტოვეს წერილი, რომლითაც ვიღაც სთხოვდა გასულიყო „ბათუმის პერეეზდთან“, რადგან მასთან საქმე ჰქონდა.
მე დავინტერესდი, თუ სად იყო აღნიშნული წერილი, თუმცა პასუხი ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღე… ნონა ჯოჯუამ ასევე მითხრა, რომ გარდაცვალებამდე დემურ სტურუა იმყოფებოდა ბიცოლამისთან – დარიკო ჯაშთან სოფელ კულაშში და როგორც დარიკო ჯაშს უთქვამს, დემურის ხშირად ურეკავდა ტელეფონზე ვინმე მარიო და თხოვდა დაფნარში ჩასვლას (თევზაძე ჩვენებაში ადასტურებს, რომ იცის, ვინ არის ადამიანი, მეტსახელად მარიო. – ავტ.)“, – წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები