2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა

2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, ღონისძიებებს შორის იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ და უეფას სუპერთასი. თბილისის მერის განცხადებით, უეფას სუპერთასის ფარგლებში, „დინამო არენას“ სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. არენა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჯამში 19 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით, დედაქალაქში აშენდა ტანვარჯიშის, ფრენბურთისა და მძლეოსნობის არენები, სასტუმრო „მოხალისე“ და ჩოგბურთის კორტები. განახლდა ვერის საკალათბურთო დარბაზი, დიდუბის სავარჯიშო ცენტრი „მანეჟი“, არენა და ძიუდოს აკადემია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მ. მესხის სახელობის სტადიონს. გარდა ამისა, ლისის ტბაზე მოეწყო 3 კმ.-მდე სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა განათების სისტემა.
„რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 17 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 294 -ს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „ქ. თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრს“ და „თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსურ სპორტულ ცენტრს“. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ პარასპორტის განვითარების სპორტული ცენტრი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, თბილისის 10-ვე რაიონის 24 სკვერში, გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა. 2015-16 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ ცენტრებს.

„მე მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება. აშენდება ოთხი მოედანი. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს მომავალი წლიდან შეემატება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ისაუბრა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ამ დროისათვის ადმინისტრირებას უწევს 28 პროგრამას და სამსახურმა ორი წლის განმავლობაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები განახორციელა.

„აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო სწავლება დაუფინანსდა 4188 მოსწავლეს. ჯამში, 2 წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი კულტურული ღონისძიება დაფინანსდა და ჩატარდა ყოველწლიური, ტრადიციული სახალხო დღესასწაულები. ასევე, ის მასშტაბური ფესტივალები, რომლებიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, „შემოდგომის თბილისი“ და ა.შ.“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები