დიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერის კონცეფცია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი ხედვაა

„მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი მოწყობა და განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ მთლიანი ქვეყანა, როგორ და რა მიმართულებით შეიძლება მისი განვითარება. ასევე, პერსპექტივაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ინვესტორებს და სად უნდა ჩადონ მათ ინვესტიციები, სად შეიქმნება სამუშაო ადგილები და რეალურად როგორ განვითარდება ჩვენი რეგიონები. ამიტომაა დასაფასებელი კონცეფცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს წარმოადგინა. ეს არის ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური განვითარების გრძელვადიანი ხედვა, ასევე ესაა გარანტი, რომ ჩვენ გვექნება ქვეყანაში უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ტერიტორიები კი – დაცული”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სასტუმრო “რუმსში” სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საგზაო მაგისტრალები ის არტერიებია, რომლებიც ქვეყნის პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გაზრდის როგორც კომუნიკაციის შესაძლებლობას, ისე ზოგადად ეკონომიკას. ამის მაგალითად დიმიტრი ქუმსიშვილმა სვანეთი მოიყვანა, სადაც ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო აეროპორტის ამოქმედებამ.
„დღეს წარმოდგენილი კონცეფცია პრინციპულად ცვლის საქართველოს. ის იძლევა შესაძლებლობას, უნიკალური ტურისტული მარშრუტები შეიქმნას,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი ტურისტულ მარშრუტებში ისაა, როდესაც საწყის წერტილში ბრუნდებით მთლიანი მარშრუტის გავლით და არა უკან დაბრუნებით. მან ასევე ისაუბრა იმ დამატებით ღირებულებაზე, რომელსაც საგზაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით შექმნის.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კონცეფცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი განხორციელებით მთიანი რეგიონები პრაქტიკულად 12 თვის განმავლობაში, დაუკავშირდებიან ერთმანეთს და დანარჩენ საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები