ოთხი ტელეკომპანია არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებს

ოთხი ტელეკომპანია – „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და „GDS“-ი 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებს.
ტელეკომპანიები ერთიანდებიან იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყონ ხელი და მათი მეშვეობით მოსახლეობამ ინფორმაცია არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე შეიტყოს .
ეგზიტპოლის მაღალპროფესიულად ჩატარების მიზნით, ტელეკომპანიებმა საქართველოში  მსოფლიოში აღიარებული კომპანია „TNS Opinion“ მოიწვიეს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც 40-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული. „TNS Opinion“ გაერთიანებულია მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო და საკონსულტაციო ჯგუფში – „Kantar“ (კომპანიასთან სამ ტელეკომპანიას – „იმედს“, „მაესტროსა“ და „GDS“-ს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამ ეტაპზე მასსა და კომპანიას შორის კონტრაქტის დეტალების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს).
საკუთარი კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე, „TNS Opinion“ ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და კორპორატიულ კლიენტებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, შეიმუშაონ ეფექტური პოლიტიკა და ჩამოაყალიბონ გადაწყვეტილებების მიღების კურსი.
კომპანიას ეგზიტპოლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უკვე 50 წელია, ეგზიტპოლებს ევროპასა და აზიის ქვეყნებში ატარებს, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დანია, ესპანეთი და სამხრეთ კორეა. გერმანიაში კომპანიას 78 ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული.
პროფესიულ დონეზე ჩატარებული ეგზიტპოლი არჩევნების გამჭვირვალობის ერთ-ერთი კომპონენტია. „TNS Opinion“-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლი კი ნიშნავს მოსალოდნელი შედეგების დამოუკიდებელ და მეთოდოლოგიურ შეფასებას.
ეგზიტპოლის საველე სამუშაოებს, „TNS Opinion“-ის მიერ გაწერილი გეგმით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი „გორბი“ ჩაატარებს. შესაბამისად, საველე სამუშაოებზე აღნიშნული კომპანია იქნება პასუხისმგებელი.
ეგზიტპოლის ჩასატარებლად ე.წ. „ველზე“ 900 ადამიანზე მეტი იმუშავებს. ისინი ამომრჩევლებს 320 საარჩევნო უბანზე გამოკითხავენ.
კომპანია „TNS Opinion“-ის მმართველი დირექტორის, პასკალ ჩელალას გაცხადებით, ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიტპოლი, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.

„მოხარული ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ქართული დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში. ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მეთოდებსა და დიდი გამოცდილების მქონე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციას, რაც გარანტიაა იმისა, რომ ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიტპოლი, რომელიც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ ათეულობით კვლევა, რომელმაც შეისწავლა საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და საქმიან საკითხებზე ევროკავშირისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის. ჩვენ, ასევე, ჩატარებული გვაქვს ეგზიტპოლები არაერთ ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა პასკალ ჩელალამ.
ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათიდან გახდება ცნობილი. მაყურებელი შედეგების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიების – „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მაესტროსა“ და „GDS“-ის მეშვეობით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები