გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო აქციაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 16, 17, 18 სექტემბერს იმართება.
ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მინისტრთან ერთად, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქიმ, ქ. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლეინმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიიღეს მონაწილეობა.
აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი – „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).
კამპანიის მიზანია ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო – შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.
აქცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება – 17 სექტემბერს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 18 სექტემბერს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დასრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 1000-მდე ლოკაციის ადგილი. აქციაში საქართველოს მასშტაბით ჯამში 75 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ( UNEP ) თაოსნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა. კამპანიის მოწოდებაა: “ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა…” აღნიშნულ კამპანიაში 140-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები