რას საქმიანობს კოლუმბიური ორგანიზაცია „ფარკი“ და რა კავშირშია მასთან დავით კეზერაშვილი?

   საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ექსკლუზიურად ხელში ჩაუვარდა საფრანგეთში ფოტოგრაფ ბორის ჰორვატის გადაღებული ფოტო, სადაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია აღბეჭდილი. ჰორვატის ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ექს-ან-პროვანსის სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც სასამართლომ კეზერაშვილის მხარის შუამდგომლობაზე იმსჯელა. კეზერაშვილის ადვოკატები ყოფილი მინისტრის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკამყოფილა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში ბრალდებული კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა. საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა უკვე მეორედ შეუფარდა.
23 იანვარს კი ექს-ან-პროვანსში უკვე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობაზე იმსჯელებენ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. ფრანგულ მხარეს ექსტრადირების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს, თუმცა, შესაძლებელია, კეზერაშვილს ევროპაშიც მოუხდეს სასჯელის მოხდა, რადგან მისი გვარი, გამოძიების ინფორმაციით, საერთაშორისო დანაშაულებთან კავშირში იკვეთება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ დროისთვის ექს-ან-პროვანსის ციხეში იმყოფება.
02   ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიქტორ ბუტთან ერთად ტერორისტული ორგანიზაცია „ფარკისთვის“ იარაღის მიყიდვის საქმეშიც ფიგურირებს. „ფარკის“ გარდა ვიქტორ ბუტი იარაღით „ალ ქაიდას, „თალიბანს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აქტიურად ამარაგებდა. ვიქტორ ბუტთან დავით კეზერაშვილის ახლო კავშირსა და პარტნიორობაზე ჯერ კიდევ 2010 წლიდან აქტიურად იწერებოდა. იმ სქემის მიხედვით, რომლითაც, მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილი მოქმედებდა, ის უკრაინაში შეძენილი იარაღის მიყიდვას ვიქტორ ბუტზე ახორციელებდა, რომელიც ამ იარაღს, თავის მხრივ, „ალ ქაიდას“ და „თალიბანს“ აწვდიდა. ამის პარალელურად, უცხოური მედიის წყაროების ცნობით, კეზერაშვილი ურთიერთობას „ფარკთანაც“ ამყარებს.
„ფარკი“ კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული დაჯგუფებაა. ორგანიზაცია 1964 წელს დაფუძნდა და მას 9 ათასამდე წევრი ჰყავს. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ქვეყანაში სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან. „ფარკი“ რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციაა, რომელიც 1964 წლიდან ხელისუფლებას ებრძვის და თავს სახალხო პარტიზანულ რევოლუციონერებად მიიჩნევენ. კოლუმბიის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით კი, „ფარკი“ ქვეყანაში უამრავ აფეთქებაზე და სხვა სახის ტერორისტულ აქტებზე იღებს პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის წევრები მუდმივად ადამიანების მძევლად აყვანითა და ფულის გამოძალვით არიან დაკავებული. ადამიანთა გატაცების საქმეში კოლუმბია ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. 90-იან წლებში „ფარკი“, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, მასობრივად იტაცებდა კოლუმბიაში პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიტიკოსებს, და მათ გაცვლას საკუთარი ორგანიზაციის დაკავებულ წევრებში ითხოვდნენ. ტყვეთა აყვანა და გამოსასყიდის მოთხოვნა ორგანიზაციის ბიუჯეტის შევსების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდი აღმოჩნდა. „ფარკი“ ასევე დიდძალ შემოსავალს ნარკობიზნესიდან იღებს.
1620245_700944173283763_905809745_n  2001 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ფარკი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. მოგვიანებით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „ფარკი“ ნაყიდ იარაღსა და ტყვია-წამალს ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ორგანიზაციის წევრები მასობრივად ხვრეტენ შეერთებული შტატების მოქალაქეებს.
კეზერაშვილის უკანონო საქმიანობის შესახებ ბევრს წერდა ქართული პრესაც. სამხედრო გენერალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საბრძოლო ქვედანაყოფ „ავაზას“ მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ღიად ყვებოდა, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში, კეზერაშვილთან ერთად, სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანიაც იყვნენ ჩარეული. მისი ინფორმაციით, უკრაინაში ნაყიდ იარაღს კეზერაშვილი, სააკაშვილი და თემურ ალასანია სირიაში და ირანში ყიდდნენ.
იარაღით ვაჭრობისა და კონტრაბანდის საქმეში ქართულ კვალზე საუბრობენ პანამის სამართალდამცავი ორგანოები. ამ შემთხვევაში საქმე არა უბრალოდ ცეცხლსასროლ იარაღს, არამედ რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების შემცველ იარაღებს ეხებათ. ინტერპოლის პანამის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, 2013 წლის განმავლობაში ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული სხვადასხვა ეროვნების 36 ადამიანი დააკავეს. აქედან 24 -ის ექსტრადირება მოხდა მათ მშობლიურ ქვეყანაში. დაპატიმრებულ ადამიანებს ნარკოტრაფიკი, თაღლითობა, ფულის გათეთრება, სექსუალური დანაშაულები, ყაჩაღობა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობები ედებოდათ ბრალად. პანამაში ერთ-ერთ პრობლემად იქცა კონტრაბანდა და იარაღით ვაჭრობა, რომელიც, უცხოური მედიის ინფორმაციით, 2006-2013 წლებში ჰყვაოდა. მედიის ინფორმაციით, პანამაში არაპირდაპირ, მაგრამ საქართველოს ჩართულობით იყიდებოდა რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების შემცველი იარაღები.
აღნიშნული საფრთხეებისგან თავიდან დაცვის მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო ახალი რეზოლუცია ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. საბჭოს სხდომას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავმჯდომარეობდა, რომელიც მთელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. რეზოლუცია ყველას მოუწოდებს, ერთგულად დაიცვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების უგულებელყოფა საყოველთაო მშვიდობას ემუქრება. რეზოლუცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების როლის გაზრდისკენ მოუწოდებს. ასევე გათვალისწინებულია უშიშროების ზომების დახვეწა, რათა საერთაშორისო ტერორისტებმა ვერ შეძლონ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება. რეზოლუცია დამცავი მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს, რომ არ მოხდეს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის ჩაყენება ატომური იარაღის შექმნის სამსახურში.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები