დავით მათიკაშვილი: ევრონესტის რეზოლუცია სრულიად სამარცხვინოა
,,ევრონესტის სრულიად სამარცხვინო რეზოლუციაა, რომელიც, პრინციპში, გაყალბებულია. რეზოლუცია ხაზს უსვამს ტენდენციას, რომელიც ევრონესტთან მიმართებით არსებობს”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ტყუილების პროპაგანდას უნდა შეეშვან.
„ეს ფორმატი ჯერ აზერბაიჯანმა დატოვა, დღეს საქართველო ტოვებს და რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით? რასაც ვხედავთ, კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციებია. ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებს, მაგრამ ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს აქვთ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება. ტყუილების პროპაგანდირებას მოეშვან, ეს ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.