დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონია  ვაიმარის სასახლეში გაიმართა. ჯილდო გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჰანს-დიტერ ლემანმა დავით ლორთქიფანიძესთან ერთად უკრაინელ მწერალ, მთარგმნელ და პუბლიცისტ იური ანდრუხოვიჩს და ნიგერიელ ფოტოგრაფ და კურატორ აკინბოდე აკინბიჯის გადასცა.
,,გოეთეს მედლის წლევანდელი თემა კულტურათა მიგრაცია და მიგრაციის კულტურაა. დაჯილდოებულია კულტურათაშორისი სამი ელჩი, სამი გამორჩეული პიროვნება, რომლებიც გაუმკლავდნენ თანამედროვე საკითხებს თავიანთ საქმიანობაში – ფოტოგრაფიის, მეცნიერებისა და ლიტერატურის მიმართულებით.”
,,ყოველ წელს, გოეთეს მედლის გადაცემა ვაიმარში გოეთეს დაბადების დღეზე წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის ერთ-ერთ გამოხატულებას”, – განაცხადა ლემანმა.
„დავით ლორთქიფანიძე გამოჩენილი პალეოანთროპოლოგია. მისი კვლევის შედეგებმა, რომელიც დმანისში გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი და 1,8 მილიონი წლის წინანდელი, ადრეული ჰომინიდების ნაშთებს ეფუძნება, სრულიად შეცვალა ჩვენი ცოდნა უძველესი ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად იქცა საქართველოში. მეცნიერი და მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი და ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი პარტნიორები, როგორიცაა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი. მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გამყარებაში. დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია”, – იუწყება გოეთეს ინსტიტუტის ოფიციალური ვებგვერდი.
გოეთეს მედალი 1954 წელს დააწესა გოეთეს ინსტიტუტის აღმასრულებელმა კომიტეტმა. გოეთეს მედლით პირველი დაჯილდოება 1955 წელს გაიმართა. 1975 წლიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ აღიარებულია, როგორც სახელმწიფოს ოფიციალური ორდენი.
გოეთეს მედალს 63 ქვეყნიდან 341 ლაურეატი ჰყავს. დაჯილდოებულთა შორის არიან: „ბრითიშ მუზეუმის“ დირექტორი ნიკ მაკგრეგორი, ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ უილსონი, ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე, მწერალი გივი მარგველაშვილი, ისრაელელი მუსიკოსი და დირიჟორი დანიელ ბარემბოიმი, უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო, ავსტრიელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმუნდ პოპერი და სხვა.
გოეთეს მედლით დაჯილდოება ყოველწლიურად იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დაბადების დღეს, 28 აგვისტოს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები