მორანო-კალაბროს პოეზიისა და ლიტერატურის საერთაშორისო კონკურსი – ლიზი ბუდაღაშვილის მეორე აღიარება

იტალიის ქალაქ მორანო-კალაბროს პოეზიისა და ლიტერატურის საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლიზი ბუდაღაშვილის ნაწარმოები მცირე პროზის სექციაში საუკეთესო შვიდეულში – დამსახურებულ რჩეულ ნაწარმოებებში მოხვდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება 10 სექტემბერს მორანო კალაბროში გაიმართება.
როგორც პორტალ „კვირას“ ლიზი ბუდაღაშვილმა განუცხადა, წელს იტალიაში პოეზიისა და ლიტერატურის საერთაშორისო კონკურსი მეოთხედ გაიმართა.

-კონკურსი ყოველ წელს ცნობილი პოეტის, ან მწერლის პატივსაცემად ტარდება და მათი სახელი ენიჭება. წელს ეს კონკურსი იყო ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯეკ კერუაკის სახელობისა, ხოლო შარშანდელი კონკურსი – ცნობილი ფრანგი პოეტის, არტურ რემბოს სახელობის.
– ამ კონკურსში მეორედ მონაწილეობთ. შარშანაც აღიარეს თქვენი ნაწარმოები…
– კონკურსში უკვე მეორედ მივიღე მონაწილეობა. შარშან თავად კონკურსის ორგანიზატორმა, იტალიელმა პოეტმა მარიო დე როზამ შემომთავაზა მონაწილეობის მიღება (მან იცოდა ჩემი აქტიური მონაწილეობის შესახებ ასეთი ტიპის კონკურსებში) და წელსაც შემახსენა, რომ კვლავ ჩავრთულიყავი ამ საქმეში. კონკურსში არის სხვადასხვა სექცია, მაგრამ მე შარშანაც და წელსაც მონაწილეობა მივიღე მცირე პროზის განყოფილებაში. ორივეჯერ ჩემი ნაწარმოებები დააჯილდოვეს.
წელს დაჯილდოვდა ჩემი ნაწარმოები ,,ჟანა“ , რომელიც საქართველოში უკვე ერთხელ დასახელებული იყო ,,ჩვენი თავგადასავლის“ (ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის) ჟიურის რჩეულად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რჩეულად; რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და ამ პროექტის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში შევიდა…
ამჟამად კონკურსში ამ ნაწარმოების იტალიური თარგმანი მონაწილეობდა, ახლა უკვე არა ახალგაზრდა მონაწილეთა ნაწარმოებებს შორის, არამედ მოზრდილ მონაწილეთა ნაწარმოებებს შორის და გუშინ გამოცხადდა სასურველი შედეგები. კონკურსის გამარჯვებულები 10 სექტემბერს დაჯილდოვდებიან. მოწვევა მივიღე, მაგრამ ღონისძიებაზე დასწრებას ვერ მოვახერხებ.
– რატომ?
– შედეგები გვიან დაიდო. გამგზავრების საკითხების მოგვარება ასე მალე არ მოხერხდება. 1 თვე მაინც უნდა იყოს შუალედი, შედეგების გამოცხადების შემდეგ.
– შარშან ამ კონკურსში შენმა „მზის შვილებმა“ გაიმარჯვა…
– შარშანდელი გამარჯვებული ნაწარმოები ,,მზის შვილებიც“ (ესეც იტალიურ ენაზე ნათარგმნი) ასევე გამარჯვებულია საქართველოში, პაკო-ამირან სვიმონიშვილის სახელობის კონკურსისა ,,ამირანი“; ალმანახი უკვე გამოიცა და მისი წარდგინება იგეგმება სწორედ უახლოეს პერიოდში. მიხარია, რომ ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენთან ასე თუ ისე მოიწონეს, საზღვარგარეთაც იმსახურებენ მოწონებას. საუკეთესო თარგმანებისთვის კი მადლობა მამაჩემს – კობა ბუდაღაშვილს უნდა გადავუხადო.

14191582_678165942334164_532667702_o– რა მოგცათ, როგორც შემოქმედს, ამ კონკურსში ორწლიანმა მონაწილეობამ?
– ჩემთვის ასეთი კონკურსი (საერთაშორისო) პირველი არ არის. ხშირად ვმონაწილეობ, დაახლოებით 13 წლიდან და წარმატებულადაც. 10-მდე, თუ მეტი არა, მსგავსი სახის კონკურსში მიმიღია მონაწილეობა….
ასეთი კონკურსები ძალიან მზრდის შემოქმედებითად. საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ვეცნობი უცხოელთა აზრებს, რა აწუხებთ, როგორ გადმოსცემენ თავიანთ ნაფიქრსა და განცდილს.. და მაინც, ერთ აზრამდე მივდივარ, რომ შემოქმედებას არც საზღვრები აქვს, არც ენა, ეროვნება და არც წარმომავლობა.
და კიდევ მომწონს, რომ ევროპის პატარა ქალაქებში დიდი ყურადღება ეთმობა კულტურულ ცხოვრებას, მრავალფეროვან მუსიკალურ კონკურსებს, გამოფენებს…
მთლიანად ქვეყანაა ჩართული კულტურულ ცხოვრებაში და არა მხოლოდ დიდი ქალაქები. პატარა კუთხეების ადგილობრივი მმართველობები ზრუნავენ კულტურული ცხოვრების აქტიურობაზე და, ჩვენგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი მეტწილად თბილისში ხდება, მსგავს ღონისძიებებს ძალიან ხშირად  სწორედ ისინი აფინანსებენ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები