ფოთის მერს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილეს
ქალაქ ფოთის საკრებულომ ქალაქის მერის განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, საკრებულოს დღეს არც მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის გამოუცხადებია ნდობა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელოს საინფორმაციო სააგენტო „smo.ge“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი საკრებულოს “ნაციონალი” წევრების ბოიკოტი გახდა, რომლებმაც მათ დღევანდელ რიგგარეშე სხდომას გამოუცხადეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა განცხადებით, მათ ეჭვი აქვთ, რომ ქალაქის მერზე ზეწოლა განხორციელდა და მან სწორედ ამ ზეწოლის შედეგად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ზეწოლები საკრებულოს სხდომამდე მათზეც ხორციელდებოდა. ასეთ პირობებში მათ თავი შეიკავეს სხდომაზე დასწრებისგან და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დემონსტრაციულად დატოვეს. სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მერის, დავით სარსანიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრმა ბოიკოტი გამოუცხადა. “ფრაქცია ემიჯნება იმ ბინძურ პოლიტიკურ გარიგებებს და ქვედინებებს, რაც ფოთში ხდება “, – აცხადებს ვახტანგ დარცმელიძე. “ნაციონალი” დეპუტატების ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მხოლოდ ხუთი დეპუტატი დარჩა. გამომდინარე აქედან, ქვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. ფოთს ისევ ძველი მერი დავით სარსანია ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა დავით სარსანიამ ფოთის მერის თანამდებობა 16 იანვარს დატოვა და შესაბამისი განცხადებით საკრებულოს იმავე დღეს მიმართა.