“ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ”,- ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ფასების დარეგულირების თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემების იდენტიფიცირება თითქმის დასრულებულია.
„ჩვენი მიდგომა იქნება სექტორი გადავიყვანოთ ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები გახდეს გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები ხანგრძლივი, პროგნოზირებადი. საერთო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენცია იყოს არა ასიმეტრიული, არამედ ჯანსაღი, დაბალანსებული და სტაბილური. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ სექტორში მოხდება მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღებთ ფასების შემცირების დინამიკას.
ამ ეტაპზე, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.