სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტის შემდეგ ლევან იზორია ზღვაში დაკარგული კურსანტის დედას ესაუბრა
ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედა, ელენე მაკრიდისი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბარი სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტას შეეხო.
“მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ცხედრები ვერ იპოვეს და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე ძებნის შეწყვეტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ, ან ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ”, – აღნიშნა ელენე მაკრიდისმა.
იაგო შარაძის დედამ ინფორმაციის მიღების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.