კახა კალაძე კომპანია „იანდექსზე“: საქართველოში ბიზნესის კეთება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება

მე ვიცი, რომ უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია არსებობს და, ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტაქსების რუსულ კომპანია “იანდექსის” საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ვიცი, რომ უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია არსებობს და, ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი. ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი.
არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული გზა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ამას, თუმცა პარალელურად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ეს არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იქნება“,- განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, მას „იანდექს ტაქსის“ რუკები არ უნახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ის, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა შესაძლებელია, მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები