მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში.
„ამ კუთხით ხაზი გაესვა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტებს. მინისტრებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ერთი მხრივ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ხოლო, მეორე მხრივ, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
ორმხრივი სვაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან ინვესტიციების მზარდ მოცულობას და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის მარალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები