“თითოეული წინადადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია მოცემული, სიცრუეა”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს.
ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება გიორგი პაპუაშვილის ინიციატივით გავრცელდა და ის მოსამართლეებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“პირველ რიგში, გაუგებარია ის, თუ რას ნიშნავს სასამართლოს განცხადება. მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მომხდარიყო. ეს არის პირველი ტყუილი, რომელიც პაპუაშვილს და მის თანაპარტიელ მოსამართლეებს, ამ განცხადებაში გაეპარათ. ტყუილზეა დაფუძნებული აბსოლუტურად ყველა ფრაზა, რომელიც ამ განცხადებაშია მოცემული.
იქ საუბარი იყო სხდომის დანიშვნასა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ძალიან მარტივად განიმარტა – 23 აგვისტოს უნდა ჩანიშნულიყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, ჩვენ სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ სხდომა პაპუაშვილის მიერ ხელოვნურად ჩაიშალა.
კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც განცხადებაში გაიპარა, უკავშირდება სტატისტიკას 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქოს, 2012 წლამდე ბევრად მეტი სარჩელი კმაყოფილდებოდა ვიდრე არ კმაყოფილდებოდა. ეს არის მტკნარი სიცრუე. მართლა სამარცხვინოა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კონკრეტული მოსამართლეები ასეთ ტყუილს კადრულობენ. თითოეული წინადადება, რომელიც ამ განცხადებაშია მოცემული, სიცრუეა.
თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ მოსამართლეებს და გადაამოწმოთ რეალურად იყო თუ არა კონსულტაციები მოსამართლეებთან გავლილი ამ განცხადების გამოქვეყნებამდე. მე დარწმუნებული, ვარ რომ ასეთი განხილვა მოსამართლეებთან არ იქნებოდა”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოსამართლეებისთვის – კონსტანტინე ვარძელაშვილისთვის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილისთვის გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად.
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულმა მოსამართლეებმა დღეს განცხადება გაავრცელეს.
“საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ არაერთ ფაქტობრივად მცდარ და მადისკრედიტირებელ განცხადებას.
ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.
ბ-ნმა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოვუწოდებთ ბ-ნ კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. ბ-ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩლეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ).
საღ აზრს მოკლებულია ბ-ნი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზირებაზე. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა/გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც”,- აღნიშნულია მოსამართლეების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები