ჯაბა სამუშია: 2009-2012 წლებში თბილისში, 29 ათასი ხეა მოჭრილი

ჯაბა სამუშია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი ტერიტორია გასხვისდა, ნარგავების დაცულობაზე კი არავინ ზრუნავდა.
„მერი მოვიდა დღეს საკრებულოში, როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო დეპუტატების ნაწილის მოთხოვნა. დეპუტატების ნაწილის მოთხოვნით ქალაქის მერი დღეს საკრებულოში მოვიდა, რას იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველობის დონეზე დემოკრატიული პროცესები ნორმალური მიმართულებით მიდის. წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავართ და მინდა გითხრათ, 2013 წელს 24 დეპუტატის ხელმოწერით გავაგზავნეთ მაშინ ქალაქის მერთან მსგავსივე მოთხოვნა, მაგრამ მაშინ მერმა არ დაგვდო პატივი და არ მოვიდა საკრებულოში.
ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა რეალობა პოლიტიკურ ჭრილში, მე არ ვსაუბრობ საკითხის სიმწვავეზე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის, რაც უნდა იყოს თვითმმართველობაში – ქალაქის მერი უნდა გრძნობდეს, რომ საკრებულოს წინაშე არის პასუხისმგებელი და ბუნებრივია, საკრებულოც, მისი თითოეული წევრიც ქალაქის ამ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს.
მეორე მხარე არის თვითონ ეს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კოლეგებს მინდა მივმართო, ყველა ამ საკითხს აქვს საფუძველი, მინდა ვისაუბრო ყაზბეგის 22# -თან თან დაკავშირებით. 2007 წელს იქნა აღნიშნული ტერიტორია გასხვისებული, არანაკლებ მწვავე პრობლემაა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, ყოფილი ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. მათზეც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იქნა ნებართვა გაცემული, როგორც გაყიდულია, ასევე ნებართვებია გაცემული.
რაც შეეხება ყაზბეგის ქუჩას, სწორედ 2012 წელს გაიცა მანდ (კოეფიციენტით რვა მთელი რვა მეათედით, რაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტია) შენობის აგების ნებართვა. ეს არის თბილისში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, როგორ გგონიათ ეს კოეფიციენტი ისე გაიცემოდა, რომ იქ ნარგავებს არავინ შეეხებოდა? ეს არის ისეთივე ტყუილი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად ამბობს.
მინდა, ირაკლი აბესაძეს შევახსენო, მისი მმართველობის პერიოდში 2009-2012 წლებში თბილისში 29 ათასი ნარგავია მოჭრილი, 29 ათასი ხე არის მოჭრილი“,- განაცხადა სამუშიამ.
რაც შეეხება იმ საკითხს, უნდა დამდგარიყო თუ არა ძიების დასრულებამდე ქალაქის შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი, სამუშია აცხადებს, რომ  ეს დასკვნის შემდეგ უნდა მოხდეს.
„მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერმა გააკეთა განმარტება, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პრობლემა არ ყოფილიყო ქალაქის მერია თვითონ არ გადააგზავნიდა საკითხს განსახილველად პროკურატურაში.ქალაქის მერიის ინიციატივა იყო , რომ ეს საკითხი შესწავლილიყო პროკურატურის მიერ. როგორც კი ამ დასკვნას მივიღებთ, ბუნებრივია, იმ მომენტიდან დაიწყება პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა. თუ იქ გამოჩნდება, რომ არის საქალაქო სამსახური დამნაშავე, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ქალბატონი ნინოც გადადგება“,- აცხადებს სამუშია.
ამასთან, სამუშიას თქმით, მერისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ინიციატივა სასაცილოა.
„მინდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართო იმ 35 ათას ლარზე, რომელიც ერთ თვეში გახარჯა ქალაქის მერმა. ვინ აიღო პასუხისმგებლობა სტრიპტიზ ბარ „დივაში“ გადახდილ ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულზე, ვინ აიღო პასუხისმგებლობა ლას ვეგასში რომ წავიდნენ ვითომდა დასუფთავების მანქანების ჩამოსაყვანად. თუნდაც იმ გაყიდულ სკვერებთან დაკავშირებით. ეს სია კიდევ შეიძლება გაიზარდოს…
იცით რამდენი ქონება იქნა გაყიდული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? დღეს ჩვენ იძულებულები ვართ, ეს ქონებები გავუცვალოთ მესაკუთრეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სკვერი, მოედანი შევინარჩუნოთ, ეს ყველაფერი ხომ მემკვიდრეობით დაგვხვდა ჩვენ.
მე კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც 2007 წელს ყიდდი შენობებს, როდესაც სამშენებლო ნებართვებს გასცემ, დღეს თითი ჩვენსკენ არ უნდა გამოიშვირო და დღეს ამ შემთხვევაში ერთი ხის მოჭრაზე თუ ხუთი ხის მოჭრაზე საქმე პროკურატურაშია. მე როგორც ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელმა მინდა გითხრათ, არცერთი მსგავსი კითხვის ქვეშ დაყენებული ქონება ჩვენ პერიოდში არ გაყიდულა და ვერავინ ვერ გამოიშვერს თითს და ვერავინ იტყვის იმას, რომ ჩვენ პერიოდში თუნდაც ასეთი ქონებები გასხვისებულიყოს, ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ პერიოდს შორის, რაც წლების წინ იყო თბილისში“,- განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები