მშვიდი არჩევნები საქართველოში – ინტერვიუ ცესკოს თავმჯდომარესთან

8 ოქტომბერს საქართველოში აირჩევენ ახალ პარლამენტს. რადგანაც საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არჩევნებში გამარჯვებული პარტია აყალიბებს მთავრობას. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 8 ივნისს, ხოლო არჩევნების ჩატარებისთვის მზადება კიდევ უფრო ადრე დაიწო. Commonspace.eu-ს კორესპონდენტი ჯოზეფ დურსო თბილისში შეხვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და  არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ ესაუბრა.

– როგორ მიდის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი?
– წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 8 ივნისს, ანუ ის უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ წინა არჩევნებთან შედარებით წინასაარჩევნო გარემო უფრო მშვიდობიანია.

– ძირითადად, რით განსხვავდება ამჟამინდელი წინაასარჩევნო გარემო 2012 წლისგან?

– მთავარi განსხვავება ის არის, რომ დღეს არ გვაქვს ძალადობა. რასაკვირველია, [პარტიები] ახორციელებენ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიებს, და ამის უფლება მათ აქვთ საარჩევნო კოდექსის ძალით, მაგრამ ძალადობრივი ქმედებების არავითარი რეალური დასაბუთება არ დაფიქსირებულა.

– რას გვეტყვით ცენტრისტების პრორუსული პარტიის შესახებ, რომელიც ცესკომ მოხსნა არჩევნებიდან?

– მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კურსის მომხრეა მოცემული პარტია, იქნება ის პრორუსული, პროამერიკული თუ პროევროპული – საკანონმდებლო მოთხოვნების მხრივ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ცენტრისტების დისკვალიფიკაცია განხორციელდა ჩვენ მიერ საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის პროცედურების იურიდიულ საფუძველზე.

მათ მიერ მოწოდებული სარეგისტრაციო განაცხადის დოკუმენტაცია პასუხობდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს [მუხლი 113]. დოკუმენტაციის სათანადოდ შეტანის შემდეგ შესაბამისი დეპარტამენტი გამოსცემს დასკვნას შესაბამისობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენ ვაძლევთ მოცემულ პარტიას მხარდამჭერთა ხელმოწერების (სულ მცირე, 25 000) შემოტანის საშუალებას. ეს არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა.

[ცენტრისტებმაც] შემოიტანეს დოკუმენტაცია, თუმცა პირველსავე ეტაპზე ის უარყოფილი იქნა საჯარო რეესტრის მიერ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ 1 აგვისტოს, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროცედურები არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს. შედეგად, დოკუმენტაცია ჩაითვალა არაკანონიერად, რაც გახდა კიდეც მათთვის რეგისტრაციაზე უარის საფუძველი.

[ცენტრისტების] რეგისტრაციაზე უარის იურიდიული საფუძველი იყო, რომ მათ არ ჰყავდათ რეგისტრირებული თავმჯდომარე.

– რატომ მოხდა ეს ასე გვიან ეტაპზე?

– ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ინფორმაცია გვიან ეტაპზე, რადგანაც საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება მიიღო 1 აგვისტოს, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცოდით. საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება თავმჯდომარის რეგისტრაციაზე უარის შესახებ მხოლოდ 15 აგვისტოს, რაც გახდა საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის საფუძველი.

– როგორ შედგა ამომრჩეველთა ახალი სია?

– ამომრჩეველთა სიას ადგენს იუსტიციის სამინისტრო. გარდა ამისა, ჩვენთან მოდის მონაცემები სხვა სამინისტროებისა და სააგენტოებიდან. მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოგვაწოდა მონაცემები იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, ხოლო თავდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეების შესახებ.

ცესკო პასუხისმგებელია მხოლოდ ამომრჩეველთა სიის კონსოლიდაციასა და შედგენაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაწილებთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების მიხედვით. ჩვენ ვამოწმებთ, ცხოვრობენ თუ არა ამომრჩევლები საქართველოში, რადგანაც უბნებზე გადანაწილებისთვის საჭიროა მათ მისამართები.

მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს დაზუსტების პერიოდიც, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვასაჯაროებთ ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით. ჩვენს ვებგვერდზე ამომრჩევლებს შეუძლიათ, გადაამოწმონ თავიანთი სახელები და ოჯახის წევრთა სახელები. გარდა ამისა, არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე ჩვენ ვათავსებთ სიებს საარჩევნო უბნებზე, რათა ამომრჩევლებმა თავად გადაამოწმონ შესაბამისი ინფორმაცია.

უზუსტობის დადგენის შემთხვევებისთვის (მაგალითად, სიაში ამომრჩევლის სახელის არარსებობის შემთხვევაში) ჩვენ გვაქვს უზუსტობის აღმოფხვრის სპეციალური პროცედურა. ამომრჩეველთა სიის განახლება წყდება არჩევნების დღემდე ათი დღით ადრე, რის შემდეგაც აკრძალულია რაიმე ცვლილების შეტანა, რადგანაც ამ ეტაპზე ხდება სიის ამობეჭდვა.

– მიიღო თუ არა ყველა პარტიამ ამომრჩეველთა სია?

– როდესაც ვლაპარაკობთ პარტიების მხრიდან პრეტენზიებზე ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვგულისხმობთ აღქმას, ვიდრე ფაქტებს. მე სამი წელია ვხელმძღვანელობ ცესკოს და ამ დროს ჩვენ არ მიგვიღია და არ დაგვიფიქსირებია ამომრჩეველთა სიაში არც ერთი დასაბუთებული შეცდომა. ყველა პარტიამ მოითხოვა და მიიღო კიდეც ამომრჩეველთა სია – ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.

– იქნებ დაგვიზუსტოთ: პრეტენზიები იყო, მაგრამ მათი საფუძვლიანობა არ დადასტურდა, თუ უბრალოდ არავის შეუტანია საჩივარი?

– არცერთი საჩივარი არ შემოსულა.

– თქვენი აზრით, შეიცვლება თუ არა სიტუაცია ამ მხრივ არჩევნების მოახლოებასთან ერთად?

– მე სამი წლის განმავლობაში ვადევნებ თვალყურს ამ პროცესს და ჯერ არ გვქონია არც ერთი პრობლემა დასაბუთებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რასაკვირველია, ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი პრეტენზია, თუკი აღმოჩნდება რაიმე რეალური პრობლემა. სწორედ ამიტომ არ ვიშურებთ ჩვენ ძალ-ღონეს და მუდმივად ვამოწმებთ [ინფორმაციას], და სწორედ ამიტომ გვაქვს დაზუსტების პერიოდი, რათა აღმოვფხვრათ ყველა შესაძლო უზუსტობა. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ, შევასწოროთ ყველა უზუსტობა.

– რა მოხდა მაისში, ვგულისხმობ ძალადობას შუალედურ არჩევნებში?

– კორცხელის ცნობილი ინციდენტი მოხდა შუალედური არჩევნების დროს სამეგრელოში. ძალადობას ადგილი ჰქონდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ გარეთ, თუმცა საზღვრებთან ახლოს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა და პოლიტიკოსთა შორის დაიწყო დავა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

ეს ძალიან პრობლემატური საკითხია, რადგანაც ეს ინციდენტი მოხდა არჩევნების დღეს. აუცილებელია ასეთი ინციდენტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, რათა საყოველთაო არჩევნების დროს არ განმეორდეს მსგავსი პრობლემები. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და ვთვლი რომ ყველამ, მთავრობისა და პარტიების ჩათვლით, გამოიტანა შესაბამისი დასკვნა – არჩევნების დროს ძალადობა დაუშვებელია.

საარჩევნო ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება წინასაარჩევნო პერიოდში და თავად არჩევნების დღეს.

– რა სახის მონიტორინგი განხორციელდება არჩევნების პერიოდში?

– ჩვენ ვარეგისტრირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო მონიტორინგის ჩასატარებლად. დღესდღეობით დარეგისტრირებულია 41 ადგილობრივი და ბევრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია.

ჩვენი მოლოდინით, არჩევნებს დააკვირდება ადგილობრივი არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა. მეორე მხრივ, ჩვენ წავაწყდით პრობლემებს პოლიტიკურად მიკერძოებულ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, რომელთაც მე „ყალბ დამკვირვებლებს“ ვუწოდებ.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ლაპარაკია ხელისუფლებაზე, თუმცა დღეს საქართველოში მდგომარეობა განსხვავებულია. არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას ჰყავს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგი ღიად უჭერს მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.

ჩვენთან არსებობს ძალიან კარგი ორგანიზაციები და ჩვენ მათი იმედი გვაქვს, რადგანაც სხვაგვარად პრობლემების არსებობის დასაბუთების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

– როგორ აფასებთ ამჟამინდელ ურთიერთობებს პარტიებსა და ცესკოს შორის?

– შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია. რასაკვირველია, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ როცა საქმე ეხება თანამშრომლობას, ისინი ესწრებიან შეხვედრებს და ყოველთვის მზად არიან, მოვიდნენ და გაესაუბრონ საარჩევნო ადმინისტრაციას.

ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სრული ინფორმაციის ვამარაგებთ მათ. ჩვენ უზრუნველვყავით დოკუმენტებზე წვდომა (რუკები, მაგალითად). პარტიებიც კმაყოფილნი არიან. ისინი ყველა იქნებიან ჩართულნი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში.

– შედიან თუ არა კომიტეტში პარტიის წევრები?

– დიახ, თუმცა ისინი დანიშნულნი არიან პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ გვყავს 13 წევრი, რომელთაგან 6, ჩემი ჩათვლით, არჩეულია პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 7 დანიშნულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ („ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „კონსერვატორები“, „მრეწველები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

ამ შვიდ პარტიას აქვს ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომიტეტების წევრთა დანიშვნის უფლება. ამ დანიშნულ წევრთა გარდა, მათ ასევე ჰყავთ წარმომადგენლებიც. სხვა პარტიებსაც აქვთ უფლება, ჰყავდეთ წარმომადგენლები საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე, მაგრამ მხოლოდ ამ შვიდ პარტიას შეუძლია ცესკოს წევრების დანიშვნა.

– რამეს ხომ არ დაამატებთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით?

– ადმინისტრირების კუთხით, ეს იქნება ძალიან რთული არჩევნები.

გარდა საპარლამენტო არჩევნებისა, ჩვენ გვაქვს რიგგარეშე არჩევნები ექვს მუნიციპალიტეტში, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად ჩატარდება ოთხი იპის არჩევნები.

– გყავთ თუ არა საკმარისი რესურსები?

– ვთვლი და იმედი მაქვს, რომ გვყავს. ლოგისტიკური უზუსტობა ხშირად ხდება. ჩემი აზრით, არჩევნების 70% ლოგისტიკას ეხება, მაგრამ ამ ტიპის პრობლემების გადაჭრაში ჩვენ გვაქვს ჩვენი რესურსების იმედი.

 

http://www.commonspace.eu/index.php?m=23&news_id=3849

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები