თბილისის მერი თვლის, რომ ნინო სულხანიშვილის გადადგომის საკითხი ძიების დასრულების შემდეგ უნდა დაისვას

თბილისის მერი ეკოლოგიის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას არ ეთანხმება. დავით ნარმანიას განცხადებით, როდესაც ადამიანს ძიების დასრულებამდე დამნაშავის სტატუსით მოიხსენიებენ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.
როგორც მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ გამოძიება ნინო სულხანიშვილის ბრალეულობას დაადგენს, მისი გადაყენების ბრძანებას ხელს მოაწერს.
“ქალბატონი ნინო სულხანიშვილის გადადგომა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. ეს არის არა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილიც ასე თვლის. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასე რომ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, არ უნდა ვუწოდოთ დამნაშავე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადადგომას, ასევე აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციას მოითხოვს.
ყაზბეგის ქუჩაზე მოკვლევა დაიწყო პროკურატურამ. თუ რის საფუძველზე მოხდა ხეების მოჭრა, საზოგადოებისთვის ძიების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები