„რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით რუსეთზე მეტს თავად ნატო დაკარგავს“

საქართველოს საზღვაო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი და საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი გოჩა ვერტიაკოვი, „კვირასთან“ საუბრისას, რუსეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაწყვეტის საკითხებს ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ნატოს უფრო შეუქმნის პრობლემებს, ვიდრე თავად რუსეთს.

ექსპერტის ვარაუდით, გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობა ისევ პრაქტიკულ ფაზაში გადავა. მისი თქმით, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, თანამშრომლობა ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რუსეთისთვის, რადგან ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო კორეასა თუ ირანთან მიმართებაში რუსეთს ნაკლები პრობლემები გააჩნია. ექსპერტის თქმით, რუსეთისთვის ეს უფრო სიმბოლური თანამშრომლობა იყო, ვიდრე პრაქტიკული.

„რუსეთი-ნატოს ურთიერთთანამშრობლობა ხორციელდებოდა ამ ალიანსის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფებით, რომლებიც მუშაობდნენ შემდეგ საკითხებზე: მასიური იარაღის გავრცელების აღკვეთა; შეიარაღებაზე კონტროლი; საბრძოლო მოქმედებების თეატრის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა; თავდაცვითი ხასიათის რეფორმების ფარგლებში თანამშრობლობა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ახალი საფრთხეები და გამოწვევები; უსაფრთხოების მიმდინარე საკითხები; კრიზისების დარეგულირება; ავღანეთის ანტინარკოტიკული სტრუქტურების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება; ავღანეთის მიმართულებით სახმელეთო გზით გადაზიდვების უზრუნველყოფა და სხვა გაუთვალისწინებელი საკითხები. როგორც აქედან ჩანს, თანამშრომლობა ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რუსეთისთვის, რადგან რუსეთს ნაკლები პრობლემები გააჩნია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო კორეასა თუ ირანთან მიმართებაში. რუსეთისთვის ეს უფრო სიმბოლური თანამშრომლობა იყო, ვიდრე პრაქტიკული. ხოლო ნატოსთვის, პირიქით, ეს თანამშრომლობა იყო უფრო პრაქტიკული, ვიდრე სიმბოლური, თუნდაც სატრანზიტო დერეფნის გახსნის გამო, ასევე მასიური განადგურების იარაღისა და ორმაგი ტექნოლოგიების კონტროლის დარგში. ამიტომ ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო დააზიანებს ნატოს და შეუქმნის მას პრობლემებს, ვიდრე რუსეთს. ნატო ისევ აგრძელებს პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, რაც გარკვეული პერიოდის მერე ისევ გადავა პრაქტიკულ ფაზაში“, – განაცხადა გოჩა ვერტიაკოვმა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ გამწვავდება. მისი თქმით, აშშ-ს დახმარების შემდეგ ოფიციალური უკრაინა ცდილობს, როგორმე ეკონომიკური ვითარება დაასტაბილუროს.

„ამერიკის დახმარება ამ დარგში მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი, ვინაიდან უკრაინას სჭირდება სულ მცირე 20 მილიარდი ამერიკული დოლარი. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის უკრაინაში სოციალური კატასტროფის სცენარის განვითარება, ვინაიდან ეს რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებზეც აისახება; ამჟამად მიდის საუბარი უკრაინის ფედერალიზაციაზე, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში. რუსეთი არაფერს დაუთმობს დასავლეთს და შეუძლია არაპირდაპირ წამოიწყოს კონფლიქტების მთელი კასკადი აზიაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში და თვითონ ევროპაში, რომელიც დააზიანებს სუყველას. მათ ამის რესურსები და შესაძლებლობები გააჩნიათ“,- განაცხადა გოჩა ვერტიაკოვმა.

მისი თქმით, ალბათ, აზრს მოკლებული არ არის რუსეთის ხელისუფლების აზრი – როდესაც დასავლეთმა სერბეთის დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო, კოსოვო სერბეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტად ცნეს. ვერტიაკოვის თქმით, ეს ფაქტიც, ყირიმის მსგავსად, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო. ექსპერტის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა მაშინაც, როდესაც ალიანსი ერაყში შეიჭრა, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო და სიკვდილით დასაჯა თავად სადამ ჰუსეინი.

„აქვე ნუ დაგვავიწყდება ის, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა და ის არსებული შეთანხმებები, რომელიც ხელმოწერილი იყო საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის სამხედრო ალიანსს შორის, ცალმხრივად იყო დარღვეული თვითონ დასავლეთის მიერ, რაც ეხებოდა ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით არგაფართოებას, რის სანაცლოდაც მოსკოვმა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიიდან სამხედრო შენაერთები გამოიყვანა. შესაბამისად, იანუკოვიჩის უნიათო მმართველობით გამოწვეულმა არეულობამ მიიყვანა უკრაინა ახალ რევოლუციამდე, ხოლო მოსკოვმა დაინახა საფრთხე, რომ უკრაინზე კონტროლი შეიძლება საერთოდ დაკარგოს და ამიტომ გადადგა ის ნაჩქარევი ნაბიჯები, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ“,- აღნიშნა ვერტიაკოვმა.

მისი განცხადებით, რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი განვითარებისთვის ევროპის რესურსები ბევრად ნაკლებად არის საჭირო, ევროპას კი ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთი სჭირდება. ექსპერტის თქმით, რუსეთ-ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა და ურთიერთჩართულობა ბიზნესის ბევრ მიმართულებაში ევროპას უსაფრთხოების უფრო მეტ მყარ გარანტიას მისცემს, ვიდრე სამხედრო ალიანსები. ვერტიაკოვის განცხადებით, მიუხედავად უკრაინის გამო დაპირისპირებისა, ამერიკა რუსეთის გარეშე ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებს ვერ გადაწყვეტს, როგორიცაა: მასიური განადგურების იარაღის და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის კონტროლი; ტერორიზმთან ბრძოლა; ენერგორესურსების მოპოვება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შელფზე; კოსმოსური პროგრამების განხორციელება.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები