პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოშიმშილე “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს, თბილისის მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები მოინახულეს.
„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნა. უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი თვითმმართველი ერთეულია. თვითმმართველობას თავისი მაკონტროლებელი ორგანოები გააჩნია. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად იმუშავებს. შესაბამისად, პრეზიდენტის სახელით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია მსგავსი შემთხვევებისათვის, ეფექტურად ამუშავდება”,- განაცხადა ანა დოლიძემ მოშიმშილეებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება.
„ჩვენ მოვინახულეთ მოშიმშილეები და ჩვენი თხოვნაა მათდამი, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი, იქნებ კიდევ გამოინახოს გზები იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმში და არა ასეთი რადიკალური ფორმებით დაფიქსირდეს პროტესტი. ამ ქალაქში მართლაც რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი, თავიანთი პროტესტი ასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „პარტიზანი მებაღეობის“ რამდენიმე წევრი მონაცვლეობით უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი დღეს შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს, მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. ისინი ასევე საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ელოდებიან, სადაც ქალაქის მერს კითხვებს დაუსვამენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი საკრებულოში მისვლას 26 აგვისტოს გეგმავს. „პარტიზანი მებაღეების“ პროტესტი ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტმა გამოიწვია. ამ დროისთვის აღნიშნულ ადგილზე ხეების მოჭრის სამუშაოები შეჩერებულია და ადგილზე პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები