მამუკა არეშიძე: არსებული ჩანაწერი ამ ტერაქტის მისამართს უკრაინისკენ გვთავაზობს

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მდინარე არაგვზე დაგეგმილი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინაში მიდის. თუმცა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ პირდაპირ ხელის დადება ვინმესთვის ამ ეტაპზე არ შეიძლება და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“ტერაქტი ისეთი რამაა, ყოველთვის შესაძლებელია, იყოს ვიღაცის ინტერესი. მის უკან შესაძლოა, პოლიტიკური, ან რელიგიური ინტერესების მქონე ჯგუფი იდგეს. თუმცა ის, რომ არსებობს (უკრაინაში მებრძოლი და ლეგიონის წევრი, ვიცე-პოლკოვნიკი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე) ვანო ნადირაძის ჩანაწერი (ინფორმაციისთვის, მან “ტვიტერზე” დაწერა, რომ თბილისში ორი ჩვენიანი დაიჭირეს), ამ ტერაქტის მისამართს უკრაინისკენ გვთავაზობს. იქ, მოგეხსენებათ, არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოში არჩევნებში გამარჯვებით არის დაინტერესებული, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. რასაკვირველია, ხელის დადება პირდაპირ არ შეიძლება, მაგრამ ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა ის ჩანაწერი. თუ ეს ყველაფერი რეალობაა, მაშინ ნამდვილად თავზე ხელი აუღიათ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში არიან და იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ, უნდათ, ქვეყანა დაანგრიონ. ყველაფერი შესამოწმებელი და გასარკვევია, მაგრამ ჯერჯერობით, ცხელ გულზე, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება.
არეულობას, სამოქალაქო დაპირისპირებას ვვარაუდობდი, მაგრამ თუ აქამდე მივიდოდა საქმე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არ არის გამორიცხული, რომ სამმაგი თამაში მიდიოდეს, ვიღაც ცდილობდეს, მიანიშნოს მიხელ სააკაშვილზე, ამიტომ ყველაფერი გასარკვევია, თუმცა თუ ეს იმ პოლიტიკური ჯგუფის დაგეგმილია, რომელზეც საუბარი მქონდა, მათი დანაშაულების ხარისხი გაათმაგდება”, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ. მინდია ვ. ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები