დიმიტრი ხუნდაძე: 4 წლის მანძილზე მცხეთაში გავაკეთეთ ის, რაც არასოდეს გაკეთებულა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთისა და თემის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას უკვე განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„4 წელია საკუთარ ამომრჩეველს ყოველწლიურად ვხვდები და ვაბარებ ანგარიშს. ახლაც ერთგვარი ანგარიში გამომდის, რადგან კიდევ ერთხელ მსურს, უკვე ვიზუალურად ვაჩვენო მათ ის პროექტები, რაც უკვე განხორციელდა ქალაქსა და რაიონში. ჩვენ ამისთვის დავამზადეთ სპეციალური ბანერები. ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში განხორციელებული მსხვილი პროექტების საერთო ღირებულება 60 მილიონს აღწევს, აღარ ვსაუბრობ სოფლის პროგრამებზე და მცირე პროექტებზე. მსხვილი პროექტები ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებში შედიოდა 2012 წელს და ჩემი დანაპირების 90%-ზე მეტი შევასრულე. რაც ვერ შესრულდა, მხოლოდ და მხოლოდ სხვისი ხელისშეშლის გამო.
არაერთხელ განმიცხადებია, რომ მცხეთა ყოველთვის დახლზე იყო სავაჭროდ შემოდებული. აქ ცხოვრება წინ არ მიდიოდა. ერთადერთი, რაც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, არის სვეტიცხოვლის შემოგარენი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მაგრამ ისეთი ხარისხით, რომ იუნესკომ მცხეთა კულტურული ძეგლების ნუსხიდან ამოიღო. ამის გამო მე თავად დამჭირდა ჩასვლა იუნესკოში და რამდენიმე შეხვედრა ხემძღვანელობასთან. საბედნიეროდ, დღეს მცხეთამ ეს სტატუსი დაიბრუნა. ასევე, „ნაციონალების“ მიერ მთლიანად გაიყიდა მცხეთის მიწები. 4,5 მლნ. პროექტი – იუსტიციის სახლი ვერ განვახორციელეთ მხოლოდ იმიტომ, მცხეთაში მიწა აღარ არის. თითქმის გაყიდული იყო არსენას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩემი დიდი ბრძოლის შედეგად მცხეთას დაუბრუნდა და სკვერის სტატუსი მივეცით, რათა დაცული იყოს მომავალშიც.
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 4 წლის მანძილზე მცხეთაში გავაკეთეთ ის, რაც არასოდეს გაკეთებულა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ხალხი ამას ხედავს და მადლიერია. ამას ყოველდღიურ შეხვედრებზე ვგრძნობ. რა თქმა უნდა, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ, როდესაც ხედავენ, რომ არ ვჩერდებით და ხალხის ფულსაც არავინ იპარავს, მოთმინებით უდგებიან ყველა საკითხს. ჩემი მთავარი დანაპირები პოლიტიკაში მოსვლისას სწორედ ეს იყო, რომ მცხეთას გავათავისუფლებდი კორუფციისგან და ეს ასეა. მე მცხეთელებს დავპირდი, რომ არცერთ თეთრს ჩემს ოჯახში არ წავიღებდი და ამისათვის შემიძლია სწორედ ჩემი ოჯახი დავიფიცო ნებისმიერთან, რომ ეს ასეა. მე დეპუტატობამდე ბევრად უფრო დიდი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ჩემს ქვეყანას დაჭირდა და ხალხის, პირველ რიგში კი, მცხეთელების სამსახურში ჩავდექი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად მოგვარდეს. სოფლებში ძირითადი პრობლემა წყალი და გზებია. მცხეთის თითქმის ყველა სოფელში დაწყებულია წყლის პროექტები, ზოგში დასრულდა, ზოგშიც კიდევ მიმდინარეობს. ასევეა გზებიც. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მცხეთას არ ჰქონდა კულტურის სახლი და დღეს უკვე დასრულებულია 4,5 მლნ. პროექტი; ყველა ხელისუფლება პირდებოდა მცხეთელებს მათი ოცნების ასრულებას – საცურაო აუზს და არავინ აკეთებდა. ეს პროექტიც თითქმის დასრულებულია და მცხეთელებს მალე ექნებათ 6 მლნ. ღირებულების საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი.
ნოემბერში დაიწყება მუზეუმის 5 მლნ. პროექტის განხორციელება, რომელიც აქამდე უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ახსოვს მოსახლეობას ჩემი ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით. დასრულდა 10 მლნ. პროექტი – თანამედროვე, ახალი აპარატურით არჭურვილი საავადმყოფო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ექიმები უცხოეთიდან, ამაზე უკვე შედგა მოლაპარაკება. საავადმყოფო ოქტომბერში გაიხსნება. მხოლოდ აქ 250 კაცი უნდა დასაქმდეს;
ქალაქ მცხეთაში და რამდენიმე სოფელში ახალგაზრდებს გავუკეთეთ სპორტული მოედნები, ბავშვებს – სკვერები. ავაშენეთ ახალი სკოლები მუხრანში, წილკანში, ძეგვში ასევე ახალი ბაღები ქალაქ მცხეთაში, წეროვანში, წილკნის დევნილთა დასახლებაში, ქსოვრისში.
იწყება დიდი ბარების მშენებლობა მუხრანში და ქსანში; გარემონტდა რამდენიმე სკოლა და ბაღი; მიმდინარეობს წინამძღვრიანთკარის პროფსასწავლებლის რეაბილიტაცია. აშენდა ახალი ხიდი მცხეთაში; დაიწყო რამდენიმე კერძო საწარმოს მშენებლობა და ა.შ. ამ მოკლე პერიოდში მცხეთაში 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დასაქმება ეტაპობრივად, სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.
სკოლების და ბაღების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ის პროექტები, რომელსაც მე დავპირდი მოსახლეობას და მათ განსახორციელებლად ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა და არ დაგიმალავთ, ბრძოლაც კი დამჭირდა. დღეს ჩემი ოპონენტები ამას ვერ უარყოფენ, მაგრამ ხალხს ეუბნებიან, ხუნდაძე რა შუაშიაო. სწორედ რომ ჩემი ინიციატივით და დღედაღამ შრომით აშენდა სკოლებიც, ბაღებიც, კულტურის სახლიც და სხვა. მცხეთაში იმდენად ხილულია ჩვენი გაკეთებული პროექტები, რომ ამის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ ვარ დარწმუნებული დღეს ჩემი და ჩემი პარტიის გამარჯვებაში. რაც შეეხება ახალ პროექტებს და წინასაარჩევნო დანაპირებს, ყველა სოფელს ვპირდები კონკრეტული საკითხების მოგვარებას, რაც მათ სურთ. ასევე მაქვს დიდი პროექტები მცხეთელი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რისი პრეზენტაციაც სექტემბრის თვეში გვექნება. ეს იქნება უპრეცედენტო პროექტები საქართველოში. მცხეთელებმა იციან, რასაც ვპირდები, აუცილებლად ვასრულებ. განვლილი 4 წლით მე ეს უკვე დავუმტკიცე “,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები