დავით ბუთხუზი ”რუსთავი 2”-ისა და მათი რესპონდენტის, ბადრი ჯავახიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავს

საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დავითი ბუთხუზი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც ბუთხუზი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, თედო კობახიძეს მისთვის თანხა არასოდეს გამოურთმევია.
დავით ბუთხუზი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მათი რესპონდენტის, ბადრი ჯავახიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავს.
”ბოლო ორი დღის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ზე ტრიალებს გადაცემა P.S.-ის „პრომო“, სადაც ჩემი სახელის გამოყენებით ხორციელდება თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაცია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო ღია განცხადება, რათა საზოგადოება არ იქნეს შეყვანილი შეცდომაში და ბატონ და ქალბატონ კობახიძეებს არ შეელახოთ საქმიანი რეპუტაცია!
“რუსთავი 2”-მა, როგორც სხვა დროს, ახლაც მოახერხა წინასაარჩევნოდ მისთვის, როგორც პარტიულ-იდეოლოგიური ტელევიზიისთვის სასურველი სცენარის დადგმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კონტექსტიდან ამოაგდო, მიზნობრივად დაჩეხა და დაამონტაჟა ჩემი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ნოდარ მელაძესთან და იმგვარად შეკერა თემა, რომ თითქოს რაიმე პრეტენზიას გამოვთქვამდე თედო კობახიძის მიმართ, რაც აბსურდია.
გასაგებია, რომ “რუსთავი 2”-ის და ბადრი ჯავახიშვილის მიერ წარმოებული მთელი ეს კონკრეტული კამპანია ემსახურება „ქართული ოცნებისა“ და თედო კობახიძის, როგორც პოლიტიკოსის დისკრედიტაციას, თუმცა ამ უკანასკნელთა ქმედებებით ასევე ხდება ჩემი, როგორც ადამიანისა და იურისტის დისკრედიტაცია.
ის, რომ თითქოს მე თედოს მიმართ მაქვს რაიმე პრეტენზია, ან იგი მე რაიმე თანხებს მართმევდა ხელფასიდან თუ ისე, აბსურდია, იყო შემთხვევები, როდესაც მართლა დამჭირვებია კონკრეტული თანხა და თედო მე ყოველთვის დამხმარებია, თუმცა თვითონ მას ჩემთვის ფული არასდროს უთხოვია.
შეიძლება მართლა ვფიქრობდი, რომ პარტიისგან სოლიდური ანაზღაურების მიღება შეიძლებოდა, ვინაიდან მაღალკვალიფიციური, უმაღლესი კლასის, პროფესიონალი იურისტი ვარ და ეს კარგად იცოდნენ, რასაც მიუთითებს თუნდაც ჩემ მიერ მოგებული არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო-პოლიტიკური საქმე სასამართლოებსა თუ სხვა უწყებებში, თუმცა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ადვილი გასაგებია, რომ პრეტენზია ვერ და არ მექნებოდა იმ სამსახურთან, რომელიც ფინანსებთან შემხებლობაში არ იყო, კერძოდ კი, იურიდიულ სამსახურთან და მის ხელმძღვანელთან – თედო კობახიძესთან.
ხაზგასმით ვაფიქსირებ, რომ ბადრი ჯავახიშვილმა და “რუსთავი 2”-მა კიდევ ერთხელ, ამჟამად უკვე ჩემი სახელის გამოყენებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, რითიც ორივე მათგანმა დაარღვიეს ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები და მნიშვნელოვანი ზიანი მომაყენეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ თედო კობახიძე არის დედაქალაქის გამორჩეული დეპუტატი. ის არის ერთ-ერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“, ვინც ჩვენი პარტიის წევრებზე ზრუნავს და ახლა უკვე ჩემი გამოყენებით ცდილობენ შეულახონ მას საქმიანი რეპუტაცია.
მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ ჩემი, როგორც მაღალკვალიფიციური იურისტის და გვერდში მდგომი ადამიანის დასაქმება ვერ მოახერხა, სწორედ თედო კობახიძე აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც დამასაქმა.
ამდენად, თედო კობახიძესთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ პარტიისათვის 2011 წლიდან მოყოლებული და ახლაც, მიუხედავად უნიჭო და ბინძური კამპანიებისა, კვლავ ვართ პარტიის გვერდით და გვჯერა, საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვებთ, რაშიც ჩვენც შევიტანთ ჩვენს წვლილს.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული სუბიექტების – სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და ბადრი ჯავახიშვილის მიერ, ჩემთვის მოყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათ მიერ დარღვეული ჩემი უფლებების აღდგენა და მათ მიერ ჩემთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც შიდაეროვნულ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე არსებული ყველა ადეკვატური იურიდიული მექანიზმ-საშუალებებით მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არავინ დამკავშირებია პირველი არხიდან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა დეტალზე, რაზედაც ტექსტში მაქვს საუბარი, დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვარ, ვითანამშრომლო „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, რომელიც დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, არის ნეიტრალური მედიასაშუალება”, – ნათქვამია ბუთხუზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები