თბილისში ხეების მოჭრაზე დროებით მორატორიუმი გამოცხადდა

საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესისა და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროების გამო, დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყაზბეგის N22-ში ხეების მოჭრის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია.
„მე გუშინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომი ათი დღის განმავლობაში მორატორიუმის გამოცხადებას ქალაქში მწვანე ნარგავების მოჭრაზე. ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქალაქის გამწვანებასთან და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს. მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები გავხადოთ კიდევ უფრო მკაცრი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია. უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე. ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები