კომპანია „ცენტრ პოინტი“ მუშაობას წყვეტს
კომპანია „ცენტრ პოინტი“ მუშაობას წყვეტს. როგორც ჟურნალისტებს „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, „ცენტრ პოინტს“ არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან მენაშენეებს კომპენსაციები მისცეს.
რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ “ცენტრ პოინტი“ ფუნქციონირებას არჩევნების შემდეგ გააგრძელებს. ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებით კიდევ უფრო გაუარესდება მენაშენეთა მდგომარეობა, რადგან კომპანია ვეღარ შეძლებს მათთვის თანხის გადახდას.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმეში ბრალდებულები გუკა და მაია რჩეულიშვილები და ირაკლი მინდელი პატიმრობაში დარჩნენ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულთა უფლებადამცველის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობაში მყოფი პირებისთვის გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა.