აკაკი დევაძე თურქეთში მკურნალობას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.
ყოფილი ფეხბურთელი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უსასხსრობის გამო კლინიკიდან გამოაგდეს.
2030.news დევაძეს თურქეთში დაუკავშირდა.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გამომაგდეს რა, ძაღლი ვარ? უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ მივედი კლინიკაში. ახლა ჩემი მეგობრების წყალობით, გეგმის მიხედვით, ისევ ვაგრძელებ მკურნალობას“,- განაცხადა დევაძემ.
2030.news-ს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აკაკი დევაძის მკურნალობისთვის შეგროვილი თანხის ნაწილი დონორების გამოკვლევაში დაიხარჯა, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი თანხა ფეხბურთის ფედერაციამ და დევაძის ერთ-ერთმა მეგობარმა უკვე გადარიცხეს.
„ამ პერიოდის განმავლობაში აკაკი დევაძეს თურქეთის კლინიკაში უტარდებოდა მკურნალობის კურსი. აღნიშნული ფაქტორების გათვლისწინებით, საჭირო გახდა დამატებით თანხის გადარიცხვა კლინიკაში. ეს თანხა ფეხბურთის ფედერაციამ და ერთ-ერთმა კერძო პირმა, აკაკი დევაძის მეგობარმა ინვოისის მიღებისთანავე ჩარიცხა კლინიკის ანგარიშზე. ამ ეტაპზე კიდევ არის გადასარიცხი თანხის მცირე ნაწილი, თუმცა კლინიკა ამის გამო მკურნალობის გაგრძელებაზე უარს არ ამბობს, თანხა უახლოეს დღეებში ჩაირიცხება“, – განაცხადეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ გადარიცხეს. საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვეს ვეტერანმა ფეხბურთელებმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები