ხელოვნების სასახლე ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
20 ივნისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ოთარ მეგრელიძე ქართველ მხატვართა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომლის ნამუშევრებიც ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.
„მან სამხატვრო აკადემია 1987 წელს დაამთავრა. 1991 წელს მხატვრის სახლში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო. შემდეგ მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: ფინეთში, იუგოსლავიაში, კარლსრუეში, მოსკოვში, ბაქოსა და ერევანში.
1994 წელს მოსკოვში გამოფენის ნახვის შემდეგ, იაპონელმა კოლექციონერმა, ვან გოგის „მზესუმზირების“ მფლობელმა ამიძაკიმ საკუთარი კოლექციისთვის მეგრელიძის ერთი ნამუშევარი შეიძინა. ეს უკანასკნელი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ გემოვნებიან დამთვალიერებელს ოთარ მეგრელიძის ნამუშევრები გულგრილს ვერ დატოვებს. ასევე გააფორმა საბავშვო ლიტერატურა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მის მიერ გადაწერილი ხელნაწერი წიგნი ,,ცხოვრება მეფეთ მეფის დავითის“ დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მხატვარმა 2023-24 წწ. გამოსცა ხელნაწერი წიგნები: „ფსალმუნნი“ და „ძველი პატერიკი“. ოთარ მეგრელიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კალიგრაფიას.
ამდენად ხელოვანი თავისი შემოქმედებით თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული წარმომადგენელია“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.