ისრაელი დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჩვენ თეირანში ძალიან მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას ვაპირებთ და (ისრაელის თავდაცვის ძალების) პრესსპიკერი მიმართავს მაცხოვრებლებს, რათა მათ ევაკუაციისკენ მოუწოდოს“, – აღნიშნა კაცმა ისრაელის ცენტრალურ სანაპირო ქალაქ ჰერცლიაში ვიზიტის დროს, რომელიც დღეს დილით ირანის რაკეტებით დაბომბეს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა დამოუკიდებლად „აწარმოებს“ ირანის დაბომბვის „კამპანიას“, რომელიც უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს, მაგრამ შეერთებულ შტატებს „დიდ მეგობარს“ უწოდებს, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ის დარტყმებში ჩაერთოს.
„ამჟამად ისინი გვეხმარებიან ზოგიერთი თავდასხმისგან თავდაცვაში და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის“, – თქვა კაცმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა თეირანში არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.
„აბსოლუტურად არა – ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ (ისრაელის საჰაერო ძალების) რაკეტებსა და ირანის დიქტატურულ რეჟიმს შორის“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.