მაია ცქიტიშვილი: ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა

ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ დაიწყო 2019 წლის დასაწყისში.

„ჩორჩანასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით ვალდებული ვიყავი გამეცა პასუხები.

მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები. ვისთან რა ფორით იყო შეთანხმებული არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის პროცედურები დაიწყო.

ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ დაიწყო 2019 წლის დასაწყისში. ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები