ვახტანგ კაპანაძე: მეორე ფრონტის გახსნა და ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება
“ფრონტზე დიდი ცვლილებები ისევ არ არის, რუსები ძალიან მცირე ტემპით მიდიან წინ. ეს განსაკუთრებით ეხება სუმის ოლქს ჩრდილოეთს, კურსკის ოლქის მომიჯნავედ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი დარტყმა პოკროვსკის მიმართულებაზე იყო (და რჩება კიდეც)”, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, მეორე ფრონტის გახსნა და ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება.
,,ვინაიდან პოკროვსკის მიმართულება უკრაინელებს უფრო დაცული აქვთ (აქ არის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდეები კრამატორსკისა და სლავიანსკის სახით), რუსები 50-ათასიანი დაჯგუფებით შედარებით წინსვლას ახერხებენ სუმის მიმართულებაზე. რუსები დიდი დანაკარგის წინაშე დგანან, თუმცა ეს არ ადარდებთ. წარმოიდგინეთ, როგორც პუტინმა წაიტრაბახა, წელიწადში 600-630 ათასი კაცი აფორმებს კონტრაქტს. უკვე მესამე წელია ომია და სად წავიდა ეს ხალხი? ასეთი კატეგორია, ძირითადად, ასე ვთქვათ, ხარჯში, შევსებაზე მიდის და არა მიმართულებით გაძლიერებაზე.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრების შემდეგ, რუსეთს 1200 კმ-იანი საზღვარი დაემატა, რომელსაც დაცვა და რესურსები სჭირდება. რუსეთის რესურსი კი ულევი არ არის და თუ მოკავშირეებისგან მნიშვნელოვანი დახმარება არ მიიღო, როგორც ეს ჩრდილო კორეიდან მოხდა, რუსეთისთვის ზაფხულის ეს აქტიურობა შეიძლება წელს ბოლო მნიშვნელოვანი აქტიურობა იყოს. რუსები გაბოროტებულები მაქსიმალურად იყენებენ რესურსებს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებისთვის ხერსონში, ხარკოვსა და ოდესაში, უკრაინელები კი გეგმურ დარტყმებს აყენებენ. ოპერაცია “აბლაბუდას” შემდეგ, მთელი სტრატეგიული ავიაცია, ძირითადად, ჩუკოტკაზე და შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლეს, რამდენიმე ერთეული თათრეთში განათავსეს და ა.შ. მეტი რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დაამცირონ და გააქარწყლონ ლეგენდა რუსეთის უძლეველობაზე? ბოლოს და ბოლოს, რუსეთის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გაპიარებული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო F-16-მა, რაც პირველად მოხდა… თან F-16 შედარებით ძველი თვითმფრინავია. F-16-მა 70-80 კმ-ზე დააფიქსირა Су-35 და მას ისე მოხვდა რაკეტა, რუს პილოტს არც გაუგია, მიზანში რომ იყო ამოღებული.
ეს არის ქსელურ-ცენტრალური ომის ერთი მშვენიერი მაგალითი. დასავლეთში ამას დიდი ხანია იყენებენ და აღმოჩნდა, რომ ასეთი მეთოდებით თუნდაც უძლეველ Су-35-საც არ უწერია დიდი დღე. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავი AR-50 რუსეთს სულ 6 ჰყავდა და აქედან უკრაინელებმა 2 გაუნადგურეს. ასე რომ, რუსეთს ნამდვილად არ ულხინს, ამას რუსებიც აღიარებენ და ეჭვი მეპარება, რომ წლის ბოლომდე შეძლებენ დონბასზე გასვლას და მთელი დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის დამყარებას. რუსეთი აიღებს რამდენიმე პატარა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, ეს იქნება და ეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად უმოქმედოდაა, ნოვოროსიისკშია გადამალული, დღეს თითქმის განადგურებულია. ამავე დროს, დრონებით დაარტყეს მურმანსკში წყალქვეშა ნავების სადგომს. წარმოიდგინეთ, ცნობილი ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტი რუსებმა ჩუკოტკაზე გადამალეს. ამ ტრიადის საზღვაო კომპონენტს სად დამალავენ და კიდევ რა მოხდება, ღმერთმა უწყის.
საინტერესო იყო და რატომღაც ყურადღება არავინ მიაქცია, როგორ განადგურდა ყირიმში 100 ერთეული ჯავშანტექნიკა თავისი ეშელონით – ეშელონს ჩაუარა სატვირთო მატარებელმა, რომლის ჭერი გადაიხსნა და ამოფრინდნენ დრონები, რომლებმაც ის გაანადგურეს. დიდი ეჭვი მაქვს და იმედია, არ ვცდები, “აბლაბუდა” შეიძლება ყურადღების გადამტანი ოპერაცია იყო და უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია წინ არის. არ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე უკრაინას შესწევს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ძალა, მაგრამ რუსეთს რომ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, ეს შეუძლია. ასევე რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა დრონების სახეობების გამოყენებისას (ბოჭკოვანი, დარტყმითი დრონების და ა.შ.), მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ დასავლეთს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, დარწმუნებული ვარ, ის სიტყვას შეასრულებს. უკრაინას შეუძლია რუსეთს უკეთესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები დაუპირისპიროს, რაც მისცემს საშუალებას, ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურსში რუსეთის უპირატესობა გაანეიტრალოს. დასავლური წინა თაობების ტექნიკა, რომელიც უკრაინამ მიიღო, ათი თავით სჯობს საბჭოთა ტექნიკას და რუსული წარმოებისას… ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა “ლეოპარდს” მთელი კოლონა გაუჩერებია და რუსების მთელი ჯავშანტექნიკა გაუნადგურებია.
ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე დასარტყმელად ემზადებოდეს. როგორ უნდა შეძლოს ნატოზე გალაშქრება? ეს მაინც დასავლეთის პოლიტიკური განცხადებები მგონია, რათა გადასახადების გადამხდელი მოსახლეობა მზად იყოს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი. ანუ რუსეთმა ჯერ უკრაინა უნდა დაიკავოს და მერე დანარჩენ მსოფლიოს შეუტიოს? რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რომც დაიწყოს ნატოსთან დაპირისპირება, ფლანგზე იტოვებს ამხელა მოწინააღმდეგეს (უკრაინას), რომელიც არ შეურიგდება ასეთ ვითარებას და თავის მომენტს დაელოდება. როგორ შეძლებს რუსეთი ორივე ფრონტზე ბრძოლას? თუმცა არ გამოვრიცხავ ჰიბრიდულ პროვოკაციებს ესტონეთისა და ლატვიის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს: რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ქვეყანაში ძალების შეშვება, სპეცსამსახურების ამოქმედება, შიდა არეულობის მოწყობის მცდელობა და სხვა, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში დივერსია, ტერაქტები, მაგრამ ის, რომ რუსეთმა ნატოს ომი გამოუცხადოს, ნატო-ს რომელიმე ქვეყანაში შეიჭრას თუნდაც იმის დასატესტად, გამოიყენებს თუ არა ნატო მე-5 მუხლს, ძალიან საეჭვოა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, “ანუ მარკ რუიტეს განცხადება, “საფრთხე არ გაქრება მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება”, უფრო პოლიტიკური განცხადებაა თუ არა? – დიახ, თავის დაზღვევა უფრო მგონია, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული, რათა გამართლებული იქნეს ის ხარჯები, რომელსაც ალიანსის ქვეყნები გეგმავენ – მაგალითად, გერმანია მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გეგმავს, ასევე საფრანგეთიც და ბრიტანეთიც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯები ექნება და სხვა. ან 5 წელი ვინ დაითვალა, ან ის, როდის და რით დამთავრდება ომი? რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა და რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება. დღესდღეობით უკრაინაა რუსეთის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად გერმანული ჯავშანსატანკო ბატალიონის გადასროლა ბალტიისპირეთშიც შემაკავებელი ფაქტორია, ჰაერში ნატო-ს ავიაციის მორიგეობაც ბალტიის თავზე და ა.შ. ასეთ პირობებში რუსეთს რა ძალა უნდა ეყოს, რომ ამ ორ მიმართულებაზე ერთდროულად იომოს…”, – განაცხადა კაპანაძემ.