საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი” გამოფენით – „ურბანული პეიზაჟები” გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ გამოფენით – „ურბანული პეიზაჟები“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვანთა მიერ არტ ფორუმისთვის სპეციალურად შერჩეული ნამუშევრები, ფრანგი და ქართველი მხატვრების ინსტალაციები, დიდი ადგილი ეთმობა ქართველი თანამედროვე ხელოვანების ფერწერულ ნიმუშებს და ევროპული თანამედროვე გრაფიკის და ფოტოგრაფიის ექსპოზიციებს.

„გამოფენას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„ქარავან არტ ფორუმი“ ეს არის თავისუფალი დიალოგის, იდეების გაცვლისა და საერთო შემოქმედების პლატფორმა. ქართველი დამთვალიერებლისა და ხელოვანებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ მრავალფეროვან, თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს“, – განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს საკუთარ ნამუშევრებს შესთავაზებენ ხელოვანები საქართველოდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კოტ-დ’ივუარიდან და ბურკინა-ფასოდან. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, სემინარები და მასტერკლასები.

ფორუმის პარტნიორები არიან MOMus სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (საბერძნეთი) და აპოლონია-ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან (საფრანგეთი).

„ქარავან არტ ფორუმი“ 19 ივნისს დასრულდება, ხოლო გამოფენა „ურბანული პეიზაჟები“ 19 ივლისამდე გასტანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები