“დაგეგმილია გასტრონომიული და ღვინის ტურები, სტუმრები საქართველოს ენო-გასტრონომიულ პოტენციალს, ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გაეცნობიან” – საქართველოში გასტრონომიული ფესტივალი იწყება
საქართველოში გასტრონომიული ფესტივალი – Tbilisi Gastro Week გაიმართება. ამის შესახებ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასტრონომიული კვირეული კახეთსა და თბილისში ჩატარდება. როგორც ქეთი კვიჭიძემ განაცხადა, დაგეგმილია გასტრონომიული და ღვინის ტურები, სტუმრები საქართველოს ენო-გასტრონომიულ პოტენციალს, ქართულ კულტურას, ფოლკლორს, მუსიკას გაეცნობიან.
“გასტრონომიული კვირეული სტარტს უკვე დღეიდან იღებს, მაგრამ ვახშმები 18 -იდან 22 ივნისის ჩათვლით გვექნება. მოწვეულები არიან მიშლენის შეფები და გასტრონომიული ექსპერტები, რომლებიც ყოველ დღეს და ყოველ საღამოს გააშუქებენ . მსგავსი ფესტივალები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში გასტრონომიული კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება. ჩვენი პარტნიორი თბილისის მერია გახლავთ , რომელიც უკვე მეოთხე წელია სტუმრების ჩამოყვანას უწყობს ხელს. ექსპერტების ჩამოყვანაზე ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვეხმარება. სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან. ასევე კახეთის გუბერნატორი გვეხმარება. კვირეულის პირველი დღე ბოდბიდან დაიწყება. გასტრონომიული და ღვინის ტურები გვაქვს დაგეგმილი. სტუმრები საქართველოს ენო-გასტრონომიულ პოტენციალს, ქართულ კულტურას, ფოლკლორს, მუსიკას გაეცნობიან. თბილისში სხვადასხვა მუზეუმის მონახულება, ტურებია დაგეგმილი. ანუ, გარდა იმისა, რომ ვახშმები იქნება, კულტურული ტურიზმიც ჩართული გვაქვს.
ვახშმებზე თითოეული კერძი ქართულ ღვინოსთან იქნება შეხამებული. ამაზე შეფებთან ერთად თავად მეღვინეებმა იზრუნეს. ქართული ღვინის და გასტრონომიის პოპულარიზაცია ერთად მოხდება,”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
მისივე თქმით, წლევანდელი გასტრონომიული კვირეულის თემა მდგრადი გასტრონომიაა.
“სტუმრები ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან , გასტრონომიული სფეროს მსოფლიო ექსპერტი ჩამოდის, რომლის სიტყვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ სებასტიან რიპარი, რომელიც საქართველოში, ბათუმის ფორუმზე ერთხელ უკვე იყო. ის სხვადასხვა აქტივობებში ძალიან გვეხმარება. ღვინის სააგენტოსთან ერთად ერთი თვის წინ პარიზში ვიყავით, სადაც მისი უშუალო ჩართულობით და დახმარებით ქართული ღვინო უცხოელ მიშლენის შეფებს გავაცანით. ასევე ესპანეთიდან ცნობილი ესპანელი შეფი ჩამოდის, რომელსაც თან ორი ესპანური ცნობილი ჟურნალი ახლავს. მათ , სანამ ჩამოვიდოდნენ, გაშუქება დაიწყეს, ჩამოსვლის შემდეგ კი ველოდებით, რომ დიდად აღფრთოვანებულები იქნებიან .
წლევანდელი გასტრონომიული კვირეულის თემა მდგრადი გასტრონომია გახლავთ. მდგრადი გასტრონომიის მთავარი პრინციპი ადგილობრივ პროდუქტებზე აქცენტია. ჩვენ მიშლენის შეფებს დავალება მივეცით, რომ ყველა კერძი ადგილობრივ პროდუქტებით მოამზადონ. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ბერძენმა შეფმა მოგვწერა, რომ ხინკალი უნდა მოვამზადოო, ფრანგმა შეფმა თავის კერძში იმერული ყველი გამოიყენა, ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა.
18 ივნისს მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღეა და ზუსტად ამ დღისადმი არის ეს ყველაფერი მიძღვნილი.
წინა წლებში ჩატარებულმა ფესტივალებმა მოიტანა ის, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდა. თუკი ადრე გვიჭირდა, მათთვის გაგვეგებინებინა და არ იცოდნენ, რომ ასეთი ქვეყანა, საქართველო არსებობს, ისინი უკვე თვითონ ინტერესდებიან. როდესაც ესპანელი ჟურნალისტი მოვიწვიეთ, მას მეორე ჟურნალისტიც მოჰყვა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. როდესაც მეილებს ვაგზავნით და ვიწვევთ, ისინი დიდი სიხარულით ერთვებიან”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
თამუნა შეყილაძე